ირმის ნახტომში სავარაუდოდ მილიონობით შავი ხვრელი მაღალი სიჩქარით დაჰქრის - ახალი კვლევა
ირმის ნახტომში სავარაუდოდ მილიონობით შავი ხვრელი მაღალი სიჩქარით დაჰქრის - ახალი კვლევა

როგორ იბადებიან შავი ხვრელები? მართალია, ასტროფიზიკოსებს აქვთ თეორიები, მაგრამ ამ პროცესის შესახებ დაზუსტებით არაფერი ვიცით. ერთ-ერთი ვერსიით, შავი ხვრელი იბადება მასიური ვარსკვლავის სუპერნოვად აფეთქების შედეგად. ამაზე მიუთითებს უახლესი დაკვირვებებიც.

მკვლევართა ვარაუდით, ეს აფეთქებები იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია შავი ხვრელი გალაქტიკის მასშტაბით 70 კმ/წმ სიჩქარით გატყორცნოს.

ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის ასტრონომის, პიკი ატრი განცხადებით, მათი კვლევის ფარგლებში პირველად მოხერხდა გალაქტიკაში მაღალი სიჩქარით მოძრავ შავ ხვრელთა მტკიცებულების პოვნა; თანაც, ასეთი სიჩქარე დაკავშირებული უნდა იყოს შავი ხვრელის სისტემის მიერ დაბადებისას მიღებული დარტყმით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში მაღალი სიჩქარით დაჰქროდეს ვარსკვლავური მასის მილიონობით შავი ხვრელი.

კვლევა დაეფუძნა ორმაგ (ბინარულ) სისტემებში არსებულ 16 შავ ხვრელს. შავ ხვრელთა დაფიქსირება შეუძლებელია იქამდე, ვიდრე ისინი აქტიურ კვებას დაიწყებენ, რადგან მათ უზარმაზარ გრავიტაციას ელექტრომაგნიტური რადიაცია ვერ გაურბის. თუმცა, თუკი შავი ხვრელი ორმაგ სისტემაშია და აქტიურად იკვებება მეორე ვარსკვლავის მატერიით, მის გარშემო მორევივით მრბუნავი ეს მატერია გამოყოფს მძლავრ რენტგენულ გამოსხივებას და რადიოტალღებს.

შავ ხვრელთა სიგნალების დაფიქსირების შემდეგ, უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ მათი ქცევაც. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სწორედ ეს ქცევა გამოიყენა შავი ხვრელის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის.

ატრის განმარტებით, ისინი აკვირდებოდნენ ამ სისტემათა მოძრაობას ჩვენს გალაქტიკაში, რის შედეგადაც განსაზღვრეს მათი ამჟამინდელი და წარსული სიჩქარე; 16-ვე სისტემის შემთხვევაში, ასევე სცადეს გაერკვიათ, რა იყო მათი სიჩქარე დაბადებისას.

ატრის თქმით, სიჩქარეებზე დაყრდნობით შესაძლებელია იმის გარკვევაც, ისინი სუპერნოვას აფეთქების შედეგად დაიბადნენ თუ ვარსკვლავის პირდაპირი, სუპერნოვად აფეთქების გარეშე კოლაფსირების გზით.

ცნობილია, რომ სუპერნოვას აფეთქებით დაბადებული ნეიტრონული ვარსკვლავები ამ აფეთქების შედეგად მიღებული დარტყმით მაღალი სიჩქარით იტყორცნებიან, რასაც დაბადების დარტყმას უწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა სუპერნოვას აფეთქება არარეგულარულია.

უცნობი რჩებოდა, ამავე გზით იტყორცნებიან თუ არა სუპერნოვას აფეთქების შედეგად დაბადებული შავი ხვრელები. ჰიპოთეტურად ეს ასე უნდა ყოფილიყო; ამას მეტყველებდა შვიდი ორმაგი რენტგენული შავი ხვრელიც, რომლებთანაც წინა კვლევებში დაბადების დარტყმა შენიშნეს.

ახალი კვლევის ფარგლებში ხელახლა შეისწავლეს ეს შვიდი და ცხრა სხვა შავი ხვრელი. კვლევა დეტალური იყო და აერთიანებდა საკუთარი მოძრაობის, სისტემური რადიალური სიჩქარეების და ამ სისტემების მანძილების მონაცემებს.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ერთ-ერთი ამ შავი ხვრელის მოძრაობა, როგორც ეს ჯგუფმა განსაზღვრა.

მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ რენტგენული გამოსხივების ამ 16 ორმაგი შავი ხვრელიდან 12-ს ნამდვილად ჰქონდა მაღალი სიჩქარე და ისეთი ტრაექტორია, რომლებიც დაბადების დარტყმაზე მიუთითებდნენ. ეს გახლავთ ნიმუშების 75 პროცენტი. თუკი ამ მაჩვენებელს ირმის ნახტომში არსებულ დაახლოებით 10 მილიონ შავ ხვრელს მოვარგებთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 7,5 მილიონი შავი ხვრელი მაღალი სიჩქარით დაჰქრის. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 მილიონი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასებაა.

წინა თეორიების მიხედვით, მაღალი მასის გამო, ამ შავ ხვრელთა სიჩქარე დაახლოებით 3-4-ჯერ დაბალია გამოტყორცნილი ნეიტრონული ვარსკვლავებისაზე. საინტერესოა, რომ არ იკვეთება კავშირი შავი ხვრელის მასასა და სიჩქარეს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ ვიცით, არსებობს თუ არა კავშირი მშობელი ვარსკვლავის მასასა და სუპერნოვას ალბათობას შორის.

რა თქმა უნდა, კვლევის ფარგლებში შესწავლილ შავ ხვრელთა ოდენობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ ატრის თქმით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო დიდი კვლევებისკენ, რომელთა შედეგადაც, დაზუსტებით გავიგებთ, როგორ ვითარდებიან და კვდებიან ვარსკვლავები, როგორ შობენ ისინი შავ ხვრელებს.

კვლევის გასაგრძელებლად, ჯგუფი აქტიურად აკვირდება ცას. ბინარული სისტემები ყოველთვის არ კაშკაშებს, ისინი დროგამოშვებით ჩნდებიან და ქრებიან. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტ ასეთ ორმაგ სისტემას იპოვნიან და თანდათანობით დაადგენენ ირმის ნახტომში არსებულ შავ ხვრელთა რაოდენობას.

ამ ეტაპზე, ჩვენთვის საშიში არაფერია, რადგან მზის სისტემასთან ყველაზე ახლომდებარე შავ ხვრელამდე მანძილი 6523 სინათლის წელია. შესაბამისად, არ არსებობს იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში მზის სისტემა რომელიმე შავმა ხვრელმა გაანადგუროს.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.