ირმის ნახტომის უდიდესი ვარსკვლავი ნელ-ნელა კვდება და ასტრონომები ამ პროცესს აკვირდებიან — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომის უდიდესი ვარსკვლავი ნელ-ნელა კვდება და ასტრონომები ამ პროცესს აკვირდებიან — #1tvმეცნიერება

ასტრონომიულ ობიექტთა სამგანზომილებიანი მოდელები შეიძლება უაზროდ რთული იყოს. ისინი შეიძლება მერყეობდეს შავი ხვრელებიდან მთელი სამყაროს ზომამდე და ასევე მოიცავდეს მათ შორის არსებულ ყველაფერს.

სრულყოფილი მოდელის შექმნისთვის საჭირო ყურადღება ყველა ობიექტმა ვერ მიიღო, მაგრამ ამ სიას უკვე ოფიციალურად შეიძლება დავამატოთ კიდევ ერთი ძლიერ კომპლექსური მოდელი.

არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომებმა VY დიდი ქოფაკის მოდელი შექმნეს — წითელი ჰიპერგიგანტი ვარსკვლავის, რომელიც სავსებით შესაძლებელია, რომ მთელი ირმის ნახტომის უდიდესი ვარსკვლავი იყოს. ახლა კი აპირებენ, რომ ამ მოდელის გამოყენებით გააკეთონ პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორ მოკვდება ეს ვარსკვლავი.

წითელი ჰიპერგიგანტების სიკვდილის შესახებ ბოლო დროს ასტრონომებს შორის უთანხმოებაა. თავიდან ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ სხვა მრავალ ვარსკვლავთა მსგავსად, ისინი უბრალოდ სუპერნოვად ფეთქდებიან.

თუმცა, უფრო ახალი მონაცემები მიუთითებს სუპერნოვათა მნიშვნელოვან ნაკლებობაზე იმასთან რაოდენობასთან შედარებით, რაც იმ შემთხვევაში უნდა იყოს, თუ წითელი ჰიპერგიგანტები მართლაც ასე ფეთქდებიან.

ამჟამად აქტიური თეორიის მიხედვით, უფრო დიდი ალბათობით, ისინი შავ ხვრელებად კოლაფსირდებიან, რაზე დაკვირვებაც გაცილებით რთულია, ვიდრე სუპერნოვებზე.

უცნობია, როგორია იმ ვარსკვლავთა ზუსტი მახასიათებლები, რომლებიც შავ ხვრელებად უნდა გადაიქცეოდნენ; ამის გასარკვევად კი საჭიროა მოდელი.

მკვლევრებმა VY დიდი ქოფაკი აირჩიეს, როგორც წითელი ჰიპერგიგანტების ტიპის საუკეთესო ნიმუში.

თავად ვარსკვლავი მასიურია, ზომით 10-15 ასტრონომიულ ერთეულს შორის მერყეობს; ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის. ეს ვარსკვლავი ჩვენგან მხოლოდ 3009 სინათლის წლით არის დაშორებული. შედეგად, სამხრეთის ცის დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე ეს ვარსკვლავი, ზომისა და მზის სისტემასთან შედარებით სიახლოვის გამო, ბრწყინვალე სამიზნეა დაკვირვებებისთვის.

დაკვირვებათა კარგი მონაცემების შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ დაინახონ ის სულისშემკვრელი კომპლექსურობა, რომლითაც ვარსკვლავის ზედაპირი გამოირჩევა.

ვარსკვლავის სიკვდილში ერთ-ერთი ფუნდამენტური პროცესია მასის დაკარგვა. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც გაზი და მტვერი თანაბრად გამოიტყორცნება ვარსკვლავის ფოტოსფეროდან. თუმცა, VY დიდ ქოფაკზე არსებობს დედამიწის კორონული თაღების მსგავსი მასიური წარმონაქმნები, მაგრამ ისინი მილიარდობით უფრო მასიურია.

არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩილეში მდებარე რადიოტელესკოპ ALMA-ს გამოყენებით შეაგროვეს ასეთი ამოფრქვევების შედეგად კოსმოსში გატყორცნილი მატერიის რადიოსიგნალები.

ამ მატერიაში შედის გოგირდის დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი; შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ ამ მატერიის მოძრაობის სიჩქარეც.

ამისათვის, მათ ALMA-ს 48 თეფში მიმართეს ვარსკვლავისკენ და მის შესახებ ტერაბაიტზე მეტი მოცულობის ინფორმაცია შეაგროვეს.

მთელი ამ მონაცემების დამუშავება რთული საქმეა და ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. შედეგების გარკვეული ნაწილი ივნისის შუა რიცხვებში უკვე წარადგინეს ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების შეხვედრაზე.

მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტი მონაცემი ექნებათ, შექმნიან უფრო უკეთეს მოდელს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება გალაქტიკის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი.

ერთ მშვენიერ დღესაც, ამ მოდელით შეიძლება მოხერხდეს იმის პროგნოზირებაც, თუ როდის მოკვდება წითელი ჰიპერგიგანტი ვარსკვლავი VY დიდი ქოფაკი.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.