დრამატული კოსმოსური ფენომენი მთელი თავისი დიდებულებით — ჰაბლის ახალი ფოტო #1tvმეცნიერება
დრამატული კოსმოსური ფენომენი მთელი თავისი დიდებულებით — ჰაბლის ახალი ფოტო #1tvმეცნიერება

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალ, საუცხოო ფოტოზე ვარსკვლავის დაბადების ცეცხლი და მთელი მძვინვარება ჩანს.

ქამელეონის თანავარსკვლავედი სამხრეთის ცაზე, ჩვენგან დაახლოებით 400-600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ვარსკვლავებად გადაქცევის პროცესში მყოფ ღრუბელთა ვრცელ კომპლექსს. მას ქამელეონის კომპლექსს უწოდებენ და სავსეა ძლიერ ახალგაზრდა, ახლად დაბადებული, T კუროს ტიპის ვარსკვლავებით.

თუკი შესაბამისი ინსტრუმენტებით დეტალურად დააკვირდებით, ასევე დაინახავთ წარმოქმნის პროცესში მყოფ ვარსკვლავებს, რომლებსაც პროტოვარსკვლავებს უწოდებენ. ჰაბლის ახალი ფოტოს სუბიექტი ერთ-ერთი მათგანია, სახელად J1672835.29-763111.64; ის ამერკლავ ნისლეულშია ჩაჭედილი, სახელად IC 2631. ამრეკლავს უწოდებენ ნისლეულს, რომელიც არეკლილი ვარსკვლავური სინათლით კაშკაშებს.

ვარსკვლავები იბადებიან ვარსკვლავთშორისი გაზის ცივ, მკვრივ ღრუბლებში. ეს გაზი თანაბრად გადანაწილებული არ არის; უფრო მკვრივი გროვები შეიძლება ერთმანეთს შეერწყას, რისი მიზეზიც ადგილობრივი ვარსკვლავური ქარებია, რომლებიც გაზს ერთად უყრის თავს. როდესაც სიმკვრივე უკვე საკმარისად მაღალია, ეს გროვები საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება და წარმოქმნის მბრუნავ პროტოვარსკვლავს.

პროტოვარსკვლავის ბრუნვასთან ერთად, ღრუბელში არსებული მატერია ობიექტის გარშემო დისკოს წარმოქმნის. მატერიის ეს დისკო თანდათან წარმოქმნის პროცესში მყოფ ვარსკვლავში ჩაედინება, იზრდება პროტოვარსკვლვის მასა და შესაბამისად, გრავიტაციაც.

ზრდასთან ერთად, პროტოვარსკვლავი მძლავრი ვარსკვლავური ქარების გამოყოფას იწყებს, მასში ჩამავალი მატერია კი პროტოვარსკვლავის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებას; ამ დროს, მატერია პოლუსებთან, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ მიემართება, საიდანაც პლაზმის მძლავრი ჭავლების სახით კოსმოსში იტყორცნება.

იმ მასალისგან, რაც დისკოში რჩება, შემდეგ წარმოიქმნება პლანეტები, ასტეროიდები და კომეტები. სწორედ ამიტომ არის მზის სისტემის პლანეტები და ასტეროიდთა სარტყელი მეტნაკლებად გაბრტყელებულ სიბრტყეზე განლაგებული.

პროტოვარსკვლავი J1672835.29-763111.64 ამ წერტილთან ჯერ ახლოსაც არ არის. მის გარშემო რეგიონი ჯერ საკმაოდ მტვრიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარშემო არსებული მატერიის ათვისება ჯერ ბოლომდე არ დაუსრულებია.

როგორც წესი, ამ მტვრის შუაგულში მოკაშკაშე პროტოვარსკვლავებს ვერ ვხედავთ, მაგრამ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეს ამ ღრუბელში შეღწევა შეუძლია, ანუ, ჰაბლის ინფრაწითელ ინსტრუმენტს მისი დანახვა ძალუძს.

პროტოვარსკვლავს 312 ასეთი, მკვრივი მოლეკულური ღრუბლებით დაბინდული ობიექტის შესწავლის კამპანიის ფარგლებში დააკვირდნენ. ადამიანის მასშტაბისთვის, ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესი შედარებით ხანგრძლივია და მილიონობით წელიწადს გრძელდება; ანუ, ამ პროცესს დასაწყისიდან დასასრულამდე ვერასოდეს ვნახავთ.

თუმცა, ამ პროცესის შესწავლა შეგვიძლია, თუკი რაც შეიძლება მეტ პროტოვარსკვლავს გამოვავლენთ, შემდეგ კი მათ შესახებ რაც შეიძლება ბევრ ინფორმაციას მივიღებთ. ამის შემდეგ, ასტრონომები პროცესს ამ ვარსკვლავთა გამოყენებით სწავლობენ, რათა დაადგინონ ვარსკვლავის ფორმაციის ქრონოლოგია და თითოეული ეტაპი დეტალებში გაარკვიონ.

გამომდინარე აქედან, J1672835.29-763111.64 მეტია, ვიდრე უბრალოდ გასაოცარი ფენომენის კადრი. ის ჰაბლის მიერ გადაღებულ სხვა პროტოვარსკვლავთა რიგებს შეუერთდება, რომელთა საფუძველზეც საბოლოოდ შეიქმნება ვარსკვლავთა წარმოქმნის გასაოცარი პროცესის დეტალური მოდელი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.