ირმის ნახტომი ვარსკვლავებით სხვა გალაქტიკასთან კატასტროფულმა შეჯახებამ აავსო - ახალი კვლევა
22:51, 01.11.2018
კოსმოსი ხშირად წარმოგვიდგენია მშვიდ და უშფოთველ ადგილად. მაგრამ სინამდვილეში, ის სავსეა სასტიკი მოვლენებით, მათ შორის გალაქტიკური მასშტაბის შეჯახებებით. ვიცით, რომ ჩვენმა ირმის ნახტომმა შორეულ წარსულში სხვა გალაქტიკები გადაყლაპა. ამჯერად, ასტრონომებმა გამოავლინეს ერთი განსაკუთრებული შეჯახება, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა იდუმალი მახასიათებელი, სახელად „სქელი დისკო“.
ეს ამბავი დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ მოხდა და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი შიდა ჰალოში არსებულ ვარსკვლავებზე. ეს გახლავთ გუმბათის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც გალაქტიკის სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ ივრცობა. გარდა ამისა, სწორედ ამ პროცესმა გახადა გალაქტიკური დისკო უფრო სქელი.
ირმის ნახტომის ჰალო სხვა სპირალური გალაქტიკებისას არ ჰგავს. სხვებისგან განსხვავებით, აქ მიმოფანტული ვარსკვლავები მნიშვნელოვნად მწირი ოდენობით შეიცავს მძიმე მეტალებს.
ეს კი დამახასიათებელია ძალიან, ძალიან ბებერი ვარსკვლავებისთვის, რადგან მეტალები სამყაროში მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაიხოცნენ პირველი თაობის ის ვარსკვლავები, რომლებშიც ისინი გამოიჭედა. სიკვდილის პროცესში, სუპერნოვად აფეთქებისას ამ ვარსკვლავებმა მეტალები მიმდებარე სივრცეში გატყორცნეს. ამ ელემენტებისგან შემდეგ ახალი ვარსკვლავები წარმოიქმნა.
ასტრონომები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ირმის ნახტომის ჰალოში არსებულ ვარსკვლავებზე პასუხისმგებელი რამდენიმე მცირე შეჯახებაა, რომლებიც დაახლოებით 10 მლრდ წლის წინ მოხდა.
თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა „გაიამ“ ცოტა ხნის წინ გამოგზავნა მონაცემები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ირმის ნახტომის ყველაზე ზუსტი და დეტალური რუკა. შესაბამისად, ამ რუკის საშუალებით ასტრონომებმა შეძლეს უკეთ დაკვირვებოდნენ ჰალოს შიდა ნაწილში არსებულ ვარსკვლავებს.
როგორც მათ გაარკვიეს, ამ ობიექტთა ერთი ჯგუფი ერთი წყაროდან არის წამოსული და ეს წყარო სხვა გალაქტიკაში მდებარეობდა. ასტრონომებმა ამ გალაქტიკას ენცელადი უწოდეს. ვიდეოში ნაჩვენებია ირმის ნახტომთან მისი შეჯახების სიმულაცია.
ასტრონომ ამინა ჰელმის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „გაიამ“ ირმის ნახტომის შიდა ჰალოს ვარსკვლავთა მოძრაობა გაზომა, გაირკვა, რომ უნდა ყოფილიყო ერთი მოზრდილი კინემატიკური სტრუქტურა. როდესაც მათ ამ სტრუქტურის ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრეს, ნათელი გახდა, რომ ასეთი შემადგენლობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ეს ვარსკვლავები იმავე სისტემაში, ირმის ნახტომს მიღმა იქნებოდნენ დაბადებული.
ჰელმის თქმით, ჰალოს ვარსკვლავები სხვა ობიექტებმაც „შესწირეს“, მაგრამ ასეთი დიდი არც ერთი მათგანი არ ყოფილა. შიდა ჰალოში ნამდვილად ის დომინირებს.
ამ უძველესი შეჯახების მტკიცებულების პოვნამ ნათელი მოჰფინა დიდი ხნის საიდუმლოს — რატომ არის ირმის ნახტომის დისკო საკმაოდ სქელი.
ამ მახასიათებელს ასტრონომები ზოგიერთ სხვა სპირალურ გალაქტიკებშიც ხედავდნენ, მაგრამ ვერ ხსნიდნენ მისი წარმოქმნის მიზეზს. ირმის ნახტომის შემთხვევაში, გალაქტიკური დისკო აშკარად ორი განსხვავებული ნაწილისგან შედგება — თხელი დისკო, რომლის სისქეც დაახლოებით 400 სინათლის წელია და ძირითადად მოიცავს გაზს, მტვერსა და ვარსკვლავებს; და სქელი დისკო, რომელიც დაახლოებით 1000 სინათლის წლის სისქეზე ივრცობა და მოიცავს მხოლოდ ბებერ, 10 მლრდ წლის ასაკის ვარსკვლავებს, შიდა ჰალოს ვარსკვლავების მსგავსებს.
ჯგუფის კომპიუტერული მოდელების თანახმად, ირმის ნახტომს უნდა შეჯახებოდა ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკა, დაახლოებით მაგელანის პატარა ღრუბლის ზომის, რომელიც შიდა ჰალოს მოამარაგებდა ახალი ვარსკვლავებით, არსებულ თხელ დისკოს კი გააცხელებდა და გაასქელებდა.
გალაქტიკა ენცელადის არსებობის მტკიცებულება მართლაც ძლიერია. ჰელმიმ და მისმა ჯგუფმა იპოვეს 13 ისეთი სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა, რომლებიც მათი ორბიტებიდან და ვარსკვლავების შემადგენლობიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ჯუჯა გალაქტიკასთან.
იგივე დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები „გაიას“ ძველი მონაცემების კვლევისას — დაახლოებით 8-11 მილიარდი წლის წინ, ირმის ნახტომს შეეჯახა ჯუჯა გალაქტიკა, რომელმაც შიდა ჰალოში ვარსკვლავები შემოიტანა და დისკო გაასქელა.
მათი შემდეგი მიზანია ამ შეჯახების დეტალურად შესწავლა და სხვა შეჯახებების შედეგად მოტანილი ვარსკვლავების პოვნა.
როგორც ამინა ჰელმიმ ScienceAlert-ს განუცხადა, ამ მოვლენის შესწავლამ მათ უნიკალური ცნობები მიაწოდა ადრეული სამყაროს გალაქტიკების შესახებ, რისი კვლევაც საკმაოდ რთულია.
მისი თქმით, შედეგები მეტად ამაღელვებელია, რადგან ახლა ჩვენ უკვე ვიცით რაღაც ახალი და ძლიერ მნიშვნელოვანი ჩვენი მშობლიური გალაქტიკის შესახებ.