ირმის ნახტომი ზედმეტად დიდია თავისი შემოგარენის კვალობაზე — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომი ზედმეტად დიდია თავისი შემოგარენის კვალობაზე — #1tvმეცნიერება

ჩვენი მშობლიური გალაქტიკა ირმის ნახტომი სხვა გალაქტიკებისგან რაიმე უცნაურობით არ გამოირჩევა. საშუალო ზომა, სპირალური ფორმა და რამდენიმე „ნაგრეხი“ მის ბობოქარ წარსულზე მიუთითებს.

თუმცა, ასტრონომებმა ახლახან გამოავლინეს ერთი უცნაურობა, რომელიც აქამდე არც ერთ სხვა გალაქტიკაში არ ყოფილა შესწავლილი: თავისი შემოგარენის კვალობაზე, ირმის ნახტომი ზედმეტად დიდია.

კონკრეტულად, ის ზედმეტად დიდი ჩანს იმ სამეზობლოსთვის, რომელშიც მოთავსებულია — ადგილობრივი ფარისთვის. ბრტყლად განლაგებულ ამ გალაქტიკებს აქვთ ერთნაირი სიჩქარე და ყველა მხრიდან გარს აკრავთ შედარებით ცარიელი სივრცე, რომელსაც ვოიდებს უწოდებენ.

ჩვენი ადგილობრივი ფარი, როგორც „კოსმოსური კედლის“ მაგალითი, ადგილობრივ ვოიდს ერთი მიმართულებით გამოყოფს სამხრეთის ვოიდისგან.

ადგილობრივ ფარში გალაქტიკებს შორის ურთიერთობა, როგორც ჩანს, ძლიერ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე; მაგალითად, მათი ერთნაირი მოძრაობის სიჩქარე სამყაროს გაფართოებასთან მიმართებაში. კოსმოლოგიური კედლის გარემოს გარეთ, ეს სიჩქარეები გაცილებით ფართო დიაპაზონის უნდა იყოს.

იმის დასადგენად, თუ რა ეფექტი აქვს გარემოს ჩვენ გარშემო არსებულ გალაქტიკებზე, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა მიგელ არაგონის ხელმძღვანელობით, ანალიზები ჩაატარა; ამისათვის გამოიყენეს სიმულაციები პროექტიდან IllustrisTNG, რომელიც ფიზიკური სამყაროს მოდელირებას ახდენს.

მკვლევრები რაიმე განსაკუთრებით უჩვეულოს პოვნას არ ელოდნენ.

„რაღაც მხრივ, ირმის ნახტომი განსაკუთრებულია. დედამიწა ცალსახად განსაკუთრებულია, რადგან ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია მთელ სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს. თუმცა, ის სამყაროს ცენტრი არ არის, არც თავად მზის სისტემა. ჩვენი გალაქტიკაც ერთ-ერთი რიგითი სპირალური გალაქტიკაა დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკას შორის“, — ამბობს არაგონი.

ირმის ნახტომი 4234

თუმცა, როდესაც მათ რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის სიგანის სივრცის მოცულობის სიმულირება მოახდინეს, რომელშიც მილიონობით გალაქტიკა იყრის თავს, სულ სხვანაირი სურათი დაიხატა: კოსმოლოგიური კედლის სტრუქტურაში, ირმის ნახტომის ზომის გალაქტიკები იშვიათად გვხვდება.

„ირმის ნახტომი განსაკუთრებით გამორჩეული მასის ან ტიპის არ არის. მისი მსგავსი ძალიან ბევრი სხვა სპირალური გალაქტიკა არსებობს“, — ამბობს სორბონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ინსტიტუტის ასტრონომი ჯო სილკი.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ის იშვიათია, თუ მხედველობაში მივიღებთ მის შემოგარენს. რომ შეგვეძლოს ცაში მისი უახლოესი ათამდე მოზრდილი გალაქტიკის დანახვა, დავინახავდით, რომ ყველა მათგანი განლაგებულია თითქმის წრიულად, ადგილობრივ ფარში ჩაჭედილად. ეს თავისთავად უკვე ცოტა უცნაურია.

„ახლა აღმოვაჩინეთ, რომ სამყაროში ადგილობრივი ფარის მსგავს სხვა გალაქტიკურ კედლებში იშვიათად არის ირმის ნახტომის მსგავსი მასიური გალაქტიკები“, — აღნიშნავს სილკი.

ანალიზებში ჯგუფს მხედველობაში არ მიუღია ანდრომედა, ირმის ნახტომის დიდი გალაქტიკური მეზობელი. ისიც ადგილობრივ ფარშია მოქცეული და შესაბამისად, არის იმავე კოსმოლოგიური კედლის ნაწილი, აქვს დაახლოებით ირმის ნახტომის მსგავსი ზომა. გამომდინარე აქედან, კოსმოლოგიურ კედელში ორი მძიმეწონიანი გალაქტიკის არსებობა კიდევ უფრო იშვიათი უნდა იყოს.

კვლევა წარმოაჩენს, რომ ირმის ნახტომის შესწავლისას შეიძლება საჭირო იყოს მისი შემოგარენის მხედველობაში მიღება, ვიდრე უბრალოდ იმის ვარაუდი, რომ ჩვენი გალაქტიკა ერთი რიგითი, სხვების მსგავსი გალაქტიკაა.

ვინაიდან ჯგუფის სიმულაციები ითვალისწინებდა მხოლოდ ირმის ნახტომის კონტექსტს კოსმოლოგიურ კედელში, სამომავლო კვლევებმა ალბათ ადგილობრივი ჯგუფის სხვა გალაქტიკებიც უნდა გაითვალისწინოს. მკვლევრები ასევე შენიშნავენ, რომ გარემოებითმა კონტექსტმა შეიძლება ახსნას ზოგიერთი აქამდე აუხსნელი ფენომენი, მაგალითად, თანამგზავრ გალაქტიკათა უჩვეულო განლაგება ანდრომედას გარშემო და მათი ნაკლებობა ირმის ნახტომის გარშემო.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ras.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.