ირმის ნახტომს გარს აკრავს გალაქტიკიდან გაქცეულ მკვდარ ვარსკვლავთა უზარმაზარი „სასაფლაო“ — 1tvმეცნიერება
ირმის ნახტომს გარს აკრავს გალაქტიკიდან გაქცეულ მკვდარ ვარსკვლავთა უზარმაზარი „სასაფლაო“ — 1tvმეცნიერება

ბოლოს ყველაფერი კვდება, თვით ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებიც კი. გაგიკვირდებათ და სინამდვილეში, კაშკაშა ვარსკვლავები ვარსკვლავებს შორის ყველაზე ცოტა ხანს ცოცხლობენ.

წყალბადის მთელ მარაგს სულ რამდენიმე მილიონ წელიწადში ხარჯავენ, შემდეგ კი თვალისმომჭრელ სუპერნოვად ფეთქდებიან. ამის შემდეგ, მათი ბირთვი კოლაფსირდება და მის ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი წარმოიქმნება. ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური სასაფლაოსავით არის სავსე ამ პატარა, ბნელი ობიექტებით.

ძალზე რთულია როგორც ნეიტრონულ ვარსკვლავთა, ისე ვარსკვლავურ შავ ხვრელთა დაფიქსირება. ნეიტრონულ ვარსკვლავთა სიგანე მხოლოდ დაახლოებით 15 კილომეტრია და თუ მათი მაგნიტური პოლუსები ჩვენთან მიმართებაში სათანადოდ არ არის განლაგებული, ამ ობიექტებს ვერც ვერასოდეს შევნიშნავთ.

კიდევ უფრო პატარებია ვარსკვლავური შავი ხვრელები, რომლებიც საერთოდ არ გამოყოფენ სინათლეს. როდესაც კომპანიონი ვარსკვლავის მასას შთანთქავენ, ზოგიერთი მათგანი მიკროკვაზარების სახით ჩანს, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩვენთვის შესამჩნევი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ისინი ჩვენსა და უფრო შორეულ ვარსკვლავს შორის ჩაივლიან და დაფიქსირება შესაძლებელი ხდება მიკროლინზირების მეთოდით.

მეცნიერები ჯერ საკმარისი ოდენობის ასეთ ვარსკვლავურ ნარჩენებს არ დაჰკვირვებიან, რათა მათო ზოგადი ადგილმდებარეობის რუკა შექმნან, მაგრამ უახლესი კვლევა წარმოადგენს მოდელირებას, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ ისინი.

შეისწავლეს ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა გადანაწილება და ჩაატარეს იმის სიმულირებაც, როგორ შეიძლება ხდებოდეს ამ ვარსკვლავურ ნარჩენთა მიზიდვა და განზიდვა ვარსკვლავურ ურთიერთქმედებათა შედეგად. რადგან ეს „სასაფლაოს ვარსკვლავები“ ძირითადად გალაქტიკის ამჟამინდელ ვარსკვლავებზე უფრო ძველია, მათ ორჯერ მეტი დრო ჰქონდათ ახალ ორბიტულ გზებზე გადასასვლელად.

ვარსკვლავური ნარჩენები თავიანთ პოზიციებზე განიცდიან გარკვეულწილად გაბუნდოვნების ეფექტს. ამ ვარსკვლავთა გადანაწილება სიბრტყეში იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ხილულ ირმის ნახტომში. თუმცა, ჯგუფმა აღმოაჩინა მათი გადანაწილების ერთი საკმაოდ მოულოდნელი ასპექტი.

ამ ძველ, მკვდარ ვარსკვლავთა დაახლოებით მესამედი გალაქტიკიდან ამოვარდნილია. მათ მოდელში, ვარსკვლავთა მესამედმა განიცადა ახლო შეხვედრა სხვა ვარსკვლავთან, რამაც მათ იმხელა სიჩქარე მიანიჭა, რომ თანდათანობით თავი დააღწიეს ირმის ნახტომის გრავიტაციულ მიზიდვას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მოჩვენებები“ სასაფლაოს ტოვებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ირმის ნახტომი „აორთქლდება“ ან მასას დაკარგავს, რაც მოულოდნელია. ცნობილია, რომ ვარსკვლავთა მცირე გროვები, მაგალითად, სფეროსებრი ვარსკვლავთგროვები შეიძლება აორთქლდეს, მაგრამ ირმის ნახტომი გაცილებით მასიურია და შესაბამისად, გრძელვადიანი აორთქლება მინიმალური უნდა იყოს.

მოდელის კიდევ ერთი მოულოდნელი ასპექტი ის იყო, რომ ეს ვარსკვლავური ნარჩენები ირმის ნახტომში ფრიად თანაბრად არის გადანაწილებული. უმეტეს ვარსკვლავს ვარსკვლავური ნარჩენი ასი სინათლის რადიუსში უნდა ჰყავდეს.

მზის შემთხვევაში, უახლოესი ვარსკვლავური ნარჩენის სავარაუდო მანძილი დაახლოებით 65 სინათლის წელიწადია. შესაბამისად, უკანა ეზოში აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთი ციური მოჩვენება მაინც, რომლის შესახებ არც კი ვიცით.

რაც უფრო მეტი ხელსაწყო გაეშვება მომავალში, მაგალითად, ვერა რუბინის ობსერვატორია, უფრო მეტ მიკროლინზირების მოვლენას დავიჭერთ და აღმოვაჩენთ, სად არიან სინამდვილეში ეს ვარსკვლავური ნარჩენები. სწორედ მაშინ შეგვეძლება უკეთესად დავინახოთ გალაქტიკური „მიწისქვეშეთი“.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.