ირმის ნახტომი გამრუდებულია და ამის მიზეზი სხვა გალაქტიკასთან შეჯახებაა — ახალი კვლევა
ირმის ნახტომი გამრუდებულია და ამის მიზეზი სხვა გალაქტიკასთან შეჯახებაა — ახალი კვლევა

ირმის ნახტომი სხვა ბრტყელ სპირალურ გალაქტიკებს არ ჰგავს. ლამაზი, დახვეწილი დისკოს ნაცვლად, დაბოლოებაში მას ამობერილი კვანძები აქვს. როგორც უკვე დიდი ხანია ვიცით და ორმა უახლესმა კვლევამაც დაადასტურა, ირმის ნახტომი კიდეებთან სერიოზულად არის გამრუდებული; ეს უცნაური თავისებურება ასტრონომებს წლების განმავლობაში აგდებდა საგონებელში.

ამჯერად, ახალი ახსნა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემების ახალმა ანალიზმა შემოგვთავაზა — გამრუდების მიზეზი წარსულში პატარა გალაქტიკასთან მომხდარი შეჯახება უნდა იყოს.

უცნობია როდის ან რომელ გალაქტიკასთან. თუმცა, ის თავისებურება, რომლითაც გამრუდება გალაქტიკური ცენტრის გარშემო მოძრაობს, მიუთითებს, რომ შეჯახება არც ისე დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ირმის ნახტომის ერთ-ერთ თანამგზავრ გალაქტიკასთან.

გაიას მისიამ ჩვენი გალაქტიკის სასტიკი წარსულის უკვე არაერთ საიდუმლოს ახადა ფარდა.

დაახლოებით 8-11 მილიონი წლის წინ კიდევ ერთ სხვა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად, ირმის ნახტომის დისკო უფრო გაიბერა და აივსო ახალი ვარსკვლავებით. მილიონობით წლის წინ „მოჩვენება“ გალაქტიკასთან შეჯახებამ კი ირმის ნახტომის წყალბადში ჭავლები დატოვა. არ დაგვავიწყდეს ე. წ. სოსისის გალაქტიკასთან მომხდარი შეჯახებაც, რომელმაც ვარსკვლავები ახალ, სხვანაირ ორბიტებზე გადატყორცნა.

ხომალდი „გაია“ 2013 წელს გაუშვეს და მას შემდეგ უკვე იმდენი მონაცემი შეაგროვა, რომ შექმნეს ირმის ნახტომის ყველაზე დეტალური 3D რუკა ამ დრომდე. ის გულმოდგინედ სწავლობს მოძრაობებს, რადიალურ სიჩქარეებს და ვარსკვლავებამდე მანძილებს, რათა განსაზღვროს მათი ადგილმდებარეობა და მოძრაობის მახასიათებლები.

ქალაქ ტურინის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასტრონომის, რონალდ დრიმელის განცხადებით, ეს ყველაფერი დაახლოებით იმის მსგავსია, აიღო მანქანა და ძალიან მოკლე დროში სცადო გაარკვიო ამ მანქანის სიჩქარე და სვლის მიმართულება, შემდეგ კი, ამ მაჩვენებლების საფუძველზე ეცადო განსაზღვრო მანქანის წარსული და მომავალი ტრაექტორია.

მისივე თქმით, თუკი ასეთ გაზომვას ბევრ მანქანას ჩავუტარებთ, შევძლებთ ტრაფიკის მოდელირებას. ასეა მილიონობით ვარსკვლავის მოძრაობის გაზომვის შემთხვევაშიც — შეგვიძლია მივიღოთ ფართომასშტაბიან მოვლენათა მოდელირება, მაგალითად, გამრუდების მოძრაობის.

12 მილიონი ვარსკვლავის მონაცემების გულმოდგინე ანალიზის შედეგად, ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ირმის ნახტომის დისკოში არსებული გამრუდება მხოლოდ ერთ ადგილას მოთავსებული როდია. ის გალაქტიკის ცენტრის გარშემო ვარსკვლავების მსგავსად მოძრაობს, მაგრამ განსხვავებული სიჩქარით.

მართალია, ეს მოძრაობა ვარსკვლავებისაზე უფრო ნელია, მაგრამ გაცილებით სწრაფი, ვიდრე ეს ამ გარუდების წარმოქმნის სხვა მიზეზების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო — მაგალითად, ბნელი მატერიის ჰალოს ან გალაქტიკათშორის მაგნიტური ველის გავლენით.

ტურინის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასტრონომის, ელოიზა პოჯიოს განცხადებით, გამრუდების სიჩქარე მათ მონაცემებისა და ათ ხელთ არსებული მოდელის შედარების შედეგად გაზომეს. ირკვევა, რომ გამრუდება გალაქტიკის ცენტრის გარშემო ერთ შემოვლას 600-700 მილიონ წელს ანდომებს. შედარებისათვის აქვე გეტყვით, რომ ამისათვის ჩვენს მზეს 220 მილიონი წელი სჭირდება.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი იმაზე გაცილებით სწრაფია, ვიდრე ისინი სხვა მოდელებზე დაყრდნობით პროგნოზირებდნენ. მაგალითად, არასფერული ჰალოს ეფექტით გამოწვეული გამრუდების შემთხვევაში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამრუდების წარმოქმნის მიზეზი უნდა იყოს რაღაც უფრო ძლიერი. მაგალითად, სხვა გალაქტიკასთან შეჯახება.

საინტერესოა, რომელ გალაქტიკასთან? Ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მკვლევართა აზრით, ის შეიძლება ყოფილიყო მშვილდოსნის ჯუჯა სფერული გალაქტიკა. ის ირმის ნახტომის ძალიან ახლო ორბიტაზე მოძრაობს და დამტკიცებულია, რომ ჩვენს გალაქტიკაზე ახდენს საკმაოდ გამანადგურებელ გავლენას.

ასტრონომთა აზრით, მან ირმის ნახტომის სიბრტყეში უკვე ერთზე მეტჯერ გაიარა, წარმოქმნა მისი სარტყლები და არსებობს მტკიცებულება, რომ მან ასევე აწეწ-დაწეწა გალაქტიკის ცენტრში არსებული ვარსკვლავები.

საბოლოო ჯამში, ირმის ნახტომი მას გადაყლაპავს და შეიერთებს მის სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებს, მაგრამ ამას ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

არის თუ არა ჩვენი გალაქტიკის გამრუდებულობაში დამნაშავე მართლაც ეს ჯუჯა გალაქტიკა, ამას გაიას შემდეგი მონაცემები გაარკვევს, რომელთა მიღებაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.