ირმა ჭკადუა - გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ირგვლივ, მათ შორის მედიის მხრიდან, ისტერია უნდა დასრულდეს
არ შეიძლება, ხელაღებით ადამიანებს დავაბრალოთ აგენტობა ან მკვლელობა, ეს ბავშვები არიან 19 წლის და არავინ ფიქრობს მოწმეების უფლებებზე, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მოწმეების ირგვლივ ისტერია, მათ შორის მედიის მხრიდან, უნდა დასრულდეს.
„დღეს რაც ხდება მოწმეების ირგვლივ, ამის გამო არავის მოუნდება, მივიდეს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამბობენ, რომ იაკობ ბრეგვაძეს არ დაურეკავს 112-ში მაშინ, როდესაც ერთადერთი ადამიანია, ვინც დარეკა. იმდენი არ გავაკეთოთ რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. იაკობი არაფერს მალავს. ძალიან მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია. დედამისს წერენ, თავს რატომ არ იკლავ, ასეთი შვილი რომ გაზარდეო. რა დააშავა ამ ბავშვმა, რომ თავი მოიკლას დედამისმა? ვიცით, რომ მას არაფერი დაუშავებია და 50 კაციდან ერთადერთი იყო, რომელმაც 112-ში დარეკა“, – განაცხადა ჭკადუამ.
მისივე თქმით, იაკობ ბრეგვაძე მზად არის, მედიის თანდასწრებით ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა.
„თუ საზოგადოება მოითხოვს, მზად ვართ, წავიდეთ, ხმის ნიმუში მივცეთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც თქვენ მოითხოვთ. შეგიძლიათ ექსპერიმენტზეც გამოგყვეთ დანაშაულის ადგილზე. ისიც იყო ნათქვამი, იმ სიმაღლეზე ვერ გადახტებოდაო. იაკობ ბრეგვაძე ოთხმეტრიან კედელზე ადის და ჩამოდის. შესაბამისად, თქვენ თვალწინ იაკობ ბრეგვაძე გაივლის იმ მარშრუტს იმ დროში, რა დროც მაშინ იყო. მერე თქვენ დადექით იქ კამერების გარეშე და დაინახავთ, რისი დანახვა შეეძლო იაკობს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.