ირმა ჭკადუა - ე.წ. ვეტინგის გამოყენება გამართლებულია ერთადერთ შეთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს შემაშფოთებელი დონის კორუფციასთან, ოპოზიციამ დაასაბუთოს, რა შემაშფოთებელი დონის კორუფციაზეა საუბარი
ირმა ჭკადუა - ე.წ. ვეტინგის გამოყენება გამართლებულია ერთადერთ შეთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს შემაშფოთებელი დონის კორუფციასთან, ოპოზიციამ დაასაბუთოს, რა შემაშფოთებელი დონის კორუფციაზეა საუბარი

საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ წინასაარჩევნოდ ვითომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ შემოგვთავაზებდა ძალიან ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც ქვეყანაში დაძაბულობის კერებს გააჩენდა, სასამართლო კი არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„2003-ში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ დაინტერესებულან, ვინ, რატომ, როგორ და თითქმის 80%-ით შეცვალეს მოსამართლეები. იმ მოსამართლეების 80%, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი და რომელთა კომპეტენციასთანაც დღეს პრეტენზიები აქვთ, ისევ ის მოსამართლეები არიან. ანუ, მოსამართლეები არ შეცვლილან, მხოლოდ რამდენიმე ახალი დაემატათ და როდესაც საზომზე ვსაუბრობთ, რა იყო და რა არის, აიღონ იმ მოსამართლეების გადაწყვეტილებები, რომლებიც 2004 წლიდან მუშაობდნენ, დღესაც მუშაობენ და ნახონ, ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს გამამართლებელი განაჩენი. ეს მოსამართლეები ხომ არავის არ შეუცვლია? ისინი ხომ დღესაც აგრძელებენ მუშაობას? ამოიღონ სტატისტიკა და ნახონ, იგივე მოსამართლეები, რომლებიც მაშინ მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენებს აყენებდნენ, ცარიელი ყდებით საქმეები რომ შეჰქონდა ბრალდების მხარეს, გვარ-სახელებით და მოქალაქეებს ამტყუნებდნენ, დღეს უკვე გამამართლებელ განაჩენებს აყენებენ. ანუ, რა მოხდა? ცალსახად ჩანს, რომ ხელისუფლების ნება არ არის სასამართლოზე ზეწოლა“, – განაცხადა ჭკადუამ.

მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ „ვეტინგის“ გამოყენება გამართლებულია ერთადერთ შეთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს შემაშფოთებელი დონის კორუფციასთან და ოპოზიციამ უნდა დაასაბუთოს, რა შემაშფოთებელი დონის კორუფციაზეა საუბარი.

„ჩვენ, ადვოკატებს, ყოველდღიური შეხება გვაქვს სასამართლოსთან და მე არ ვიცნობ ისეთ მოსამართლეს, რომელიც ქრთამს იღებს. ჩემთვის მართლაც გასაოცარია, როდესაც ამ ყველაფერზე საუბრობენ“, – განაცხადა ჭკადუამ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლეების შემოწმების პრეტენზია ექნებათ და რომლებიც სისტემას დააკომპლექტებენ, მინიმუმ, საზოგადოების ნდობა უნდა ჰქონდეთ.

„საუბარია იმაზე, რომ არსებული მოსამართლეების კეთილსინდისიერება გაურკვეველმა ადამიანებმა უნდა შეამოწმონ; ადამიანებმა, რომლებსაც არ ვიცნობთ, არ ვიცით, რა უნდათ, რისთვის ჩამოვიდნენ, საიდან ჩამოიყვანეს და ა.შ. რატომ უნდა ენდოს ჩვენი საზოგადოება ამ ადამიანების მიერ შერჩეულ მოსამართლეებს ან საიდან უნდა მოიყვანონ ის მოსამართლეები, რომლებსაც ისინი შეარჩევენ? როცა კომპეტენციაზეა საუბარი, მოსამართლის საზომი ხომ მისი გამოტანილი გადაწყვეტილებაა? შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებიც აპირებენ, მომავალში მოსამართლეები შეარჩიონ, რას აპირებენ, ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების რევიზია უნდა მოახდინონ? როგორ უნდა მიხვდნენ, მოსამართლეები კეთლსინდისიერები არიან თუ არა? ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ მოსამართლეებმა თუ კანდიდატებმა ენა უნდა გამოყონ და ამ ადამიანებმა უნდა წაიკითხონ, მოსამართლე კეთილსინდისიერი არის თუ არა? ასევე, საუბარი იყო მათ ქონებრივ შესაძლებლობებზე და საინტერესოა, რატომ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ეს მოსამართლეები კარავში უნდა ცხოვრობდნენ ან ბუჩქებში და ფოთლები უნდა ჰქონდეთ აფარებული? ვერ ვხვდები, ეს რა მიდგომაა, მოსამართლე ასეთი უნდა იყოს და მას ასეთი ყოფითი პრობლემები უნდა ჰქონდეს? მოსამართლეებს აქვთ საკმაოდ სოლიდური ხელფასი, მათ შეუძლიათ, კრედიტები აიღონ და სახლები შეიძინონ“, – განაცხადა ჭკადუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ნაწილში ეწინააღმდეგება „ვეტინგის“ სისტემა სახელმწიფოს უზენაეს კანონს, რადგან როგორც მმარველი გუნდი აცხადებს, ის ანტიკონსტიტუციურია, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა განწესება სხვადასხვა ინსტანციაში და იქ არსად წერია, რომ უცხოეთის საელჩოს წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ და დაკომპლექტონ რაღაც გაუგებარი კომისიები, რომლებიც შემდგომ კეთილსინდისიერების ტესტს ჩაუტარებენ პროკურორებს თუ მოსამართლეებს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა ექვემდებარება ზეწოლას და იღებს იმ კანონებს, რომელსაც ე.წ. ლიბერალები ახვევენ თავს, რისი გარკვეული მცდელობები ჩვენთანაც იყო, თუმცა იყო წინააღმდეგობები და ამიტომ დღეს ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ამ ყველაფრის შეფუთვას, რომ როგორღაც თავს მოგვახვიონ.

„როდესაც გარკვეულ წინააღმდეგობას ხვდებიან, ისინი აგრესიაზე გადადიან და ვხედავთ, ეს ე.წ. ლიბერალები როგორი აგრესიული ხდებიან უმრავლესობის მიმართ. გამოდის, რომ უმრავლესობაზე არავინ არ უნდა იფიქროს და უმრავლესობას რა უნდა, არავის უნდა აინტერსებდეს. რა თქმა უნდა, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სქესს, ორიენტაციას, რელიგიას და ა.შ. მაგრამ უმრავლესობაზეც ისევე უნდა იზრუნონ, როგორც უმცირესობაზე ზრუნავენ. სამწუხაროდ, მოდური გახდა ის, რომ თუ საიდანღაც გვიკარნახეს, ის უნდა გავაკეთოთ. რუსი ოკუპანტია, გუშინ თუ გუშინწინ კოლონია ვიყავით და თუკი კოლონია უნდა ვიყოთ, ვისი კოლონია ვიქნები და ჩემი უფროსი ვინ იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხომ შეიძლება, გვაცადონ და ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავონ? კი ბატონო, გვესმის, რომ ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენზე მეტად უნდათ, კარგად ვიყოთ, მაგრამ მოგვცენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა უნდა ჩვენს მომავალს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.