ირაკლი სესიაშვილი - რაც გირგვლიანის მიმართ წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ყველასთვის მიუღებელი იყო და ეს აღარ უნდა განმეორდეს
არის თემები, რომელთა პოლიტიზება არასწორად მიმაჩნია. ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც გირგვლიანის მიმართ წინა ხელისუფლებამ და მთლიანად წინა ხელისუფლების მანქანამ ჩაიდინა, იყო აბსოლუტურად ყველასთვის მიუღებელი და ვფიქრობ, არ არის რთული, შევთანხმდეთ, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს არასდროს, – ასე პასუხობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე.
„ის, რაც გვსურს, საზოგადოებას შევთავაზოთ და ერთგვარად იყოს სტანდარტი ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვის, არ უნდა იწვევდეს დამატებით კამათს თუ არა პოლიტიკური მოტივები, რასაც სამწუხაროდ ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, რამდენადაც ამ საკითხის გადაწყვეტის ბერკეტები პარლამენტს აქვს, ჩვენ ამაზე ძალიან საფუძვლიანად ვიმუშავებთ საზოგადოებასთან ერთად და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2 თებერვალს განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.