ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოები, რომ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეეძლოს
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოები, რომ მოსახლეობას შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჭუბერში, სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებაზე კომენტარისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია სწორედ ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად და დროულად შეიძლება იყოს გამოყენებული.
„ჭუბერში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო მთავრობამ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოვიყენოთ შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები, ძირითადში საუბარია ლოგისტიკური სარდლობების ტექნიკური საშუალებებისა და ცოცხალი ძალის თაობაზე. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად მოხდეს სალიკვიდაციო სამუშაოები იმისთვის, რომ მოსახლეობას შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ასევე დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია სწორედ ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად და დროულად შეიძლება იყოს გამოყენებული. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩატარდება კომიტეტის სხდომა და მოგვიწევს ქუთაისში კენჭი ვუყაროთ შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხს, რაც თავისთავად ცხადია, მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.