ირაკლი რუხაძე - როდესაც დარბევის შემდეგ, დიპლომატებთან ერთად „ტელეიმედში“ შევედით, იქ იყო დაუმტვრეველი აპარატურა, თუმცა ამ აპარატურას უკან საზოგადოებრივი მაუწყებელი ეწერა
„სელფორდ საქართველოს“ ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.
როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ხშირად ხდებოდა „ტელეიმედთან“ დაკავშირებით მცდელობები და მინიშნებები, რა ეთქვა და არ ეთქვა.
„რეალური დაპირისპირება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მოხდა. სანდრო გირგვლიანი ბადრი პატარკაციშვილის სახლის პირისპირ კამერებმა დააფიქსირა, ეს მასალა შემდეგ „ტელეიმედს“ გადაეცა. ბადრი პატარკაციშვილს სთხოვდნენ, რომ „იმედს“ მასალა არ გაეშუქებინა. ამის შემდეგ ჩვენს კომპანიებს ექმნებოდათ პრობლემები, დავკარგეთ სასტუმრო „აჭარა“. ბევრი რამ მოხდა, ჩვენ წინააღმდეგ უამრავი სხვადსხვა სააგენტო და სამინისტრო იყო მომართული, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. მანამდე მოხდა გარიგება, რომ ტელეკომპანია „მზე“ გადავიდოდა სხვა ბიზნესში, ბადრი პატარკაციშვილს აქაც გარკვეული აქტივი ჰქონდა”,- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ „ტელეიმედი“ უნდა დაეთმო რკინიგზის სანაცვლოდ, თუმცა გარიგება არ შედგა, რადგან ბადრი პატარკაციშვილმა უარი თქვა.
„ახალი შემოტევა დაიწყო მთავრობამ, ეს ურთიერთობა გაწყდა 2007 წელს სექტემბერში. წართმევას ორი ეტაპი ჰქონდა. როცა „იმედის“ დარბევა და დაყადაღება მოხდა, ჩვენ შემდეგ დიპლომატებთან ერთად შევედით ტელეკომპანიაში, იქ აპარატურა დააწყეს, თითქოს არ იყო დამტვრეული, თუმცა აპარატურას უკან ეწერა საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2007 წლის 7 ნოემბერს ერთდროულად შევიდნენ ჩვენს ხუთ კომპანიაში. ბევრი საუბრები იყო „იმედის“ დათმობაზე. ერთხელ შემთხვევით შემხვდა გიგა ბოკერია და მითხრა, რომ აბსოლუტურად ტყუილად ვირჯებოდით. გიგი უგულავამ გვითხრა, თუ „იმედს“ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაჩუქებდით, მაუწყებელი „იმედის“ ტერიტორიაზე გადავიდოდა და იმ ადგილს ჩვენ მოგვცემდა”, – აღნიშნა რუხაძემ.
როგორც რუხაძე აცხადებს, მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა, თუმცა მაშინ ამერიკის მოქალაქე იყო და ვერ დაიჭირეს.
„იყო შეხვედრები „ტელეიმედის“ საკითხზე ქალაქის მერთან გიგი უგულავასთან, რომელსაც ესწრებოდა დავით კეზერაშვილიც. კეზერაშვილმა ერთ შეხვედრაზე მითხრა, ჩვენ გვაქვს ან მეგობრობის, ან მტრობის გზა, მითხრა „ბორჯომს“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობაშვილისთვის და ინა გუდავაძეს უარს უნდა ეთქვა „ტელეიმედზე“. ეს შეთანხმება არ შედგა. ამ შეხვედრიდან გამოვედი და მესამე დღეს ჩემი ოფისის წინ ჩემი მანქანა აფეთქდა”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.