ჯიღაურმა „ოლმალიქს“ გაუტანა - უზბეკეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის ტაბატაძე ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერლიგაში გოლი გაიტანა და „ნასაფს“ გასვლით მატჩში „ოლმალიქის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:3.

ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ოლმალიქის“ ძირითად შემადგენლობაში ირაკლი რუხაძემ 65 წუთი ითამაშა, ხოლო „ნასაფის“ სასტარტო თერთმეტეულში ჯაბა ჯიღაური  და „დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი იყვნენ. „ნასაფის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თემურ ჩოგაძე მოედანზე 88-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ზორან მარუშიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 67-ე წუთზე გამოიჩინა თავი – ეს მიმდინარე სეზონში ჯიღაურის პირველი გოლია.

უზბეკეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავას ექვსი გოლით „ნავბახორის“ ქართველი ფორვარდი თომა ტაბატაძე ლიდერობს, რომელსაც ბოლო ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივთნ“ (4:0) თავი არ გამოუჩენია.