7 ნოემბრის აქციისა და „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი იკითხება
7 ნოემბრის აქციისა და „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი იკითხება

2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე „ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი იკითხება.

ბარათაშვილის თქმით, სპეცრაზმელების გარდა, ტელევიზიაში მაშინდელი მაღალჩინოსნებიც, მათ შორის სოსო თოფურიძეც იყო, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

ბარათაშვილმა დარბევამდე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, თუ როგორ არ აძლევდნენ ჟურნალისტებს კომენტარს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში. გაიხსენა „იმედის“ კრიტიკული სიუჟეტებიც მაშინდელ ხელისუფლებაზე, ასევე, ლონდონში ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა, სადაც პატარკაციშვილმა თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლება „იმედის“ რკინიგზაში გაცვლის საკითხს განიხილავდა. მოწმის თქმით, პატარკაციშვილს ბარათაშვილისა და მისი თანამოაზრეების პოზიცია აინტერესებდა.

„რაღაცა ეტაპიდან ხელისუფლებამ შეწყვიტა მონაწილეობა, კომენტარს არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. მიაჩნდათ, რომ „იმედი“ არ იყო ობიექტური, ფაქტობრივად, ურთიერთობა გაწყვეტილი იყო. ხელისუფლება აპირებდა შეძენას. ვიცოდით, რომ არსებობდა მოლაპარაკება, უნდა გაცვლილიყო „იმედი“ რკინიგზაში, იყო მოლაპარაკებები, მაგრამ მე არ დავსწრებივარ. ლონდონში ამ იდეაზე აზრი გვკითხა, ვუპასუხეთ, რომ გასხვისება არ იქნებოდა სწორი. მიიღო ჩვენი პოზიცია და არ გაუსხვისებია. 2007  წელს შემოვიდა სპეცრაზმი, დაამტვრია აპარატურა. ერთი ღილაკით ითიშება, არ იყო საჭირო დამტვრევა. ადამიანი მეუბნებოდა, რომ მე უნდა გამიხვრიტოს შუბლი. სადაა ეს ადამიანი, გამოჩნდეს და ბოდიში მაინც მოიხადოს. ეს იყო დამსჯელი ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა, რომ აპარატურა უნდა განადგურებულიყო“, – განაცხადა ბარათაშვილმა.