ირაკლი ლექვინაძე - მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით
ირაკლი ლექვინაძე - მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებით სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიებისგან განმარტებები მიიღო. მისივე თქმით, ამ მიმართულებით კომპანიებთან კომუნიკაცია გრძელდება.

როგორც ლექვინაძე ამბობს, საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას თუ დაიწყებს, ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებენ.

„ფაქტი იყო სამწუხარო, მოულოდნელად, ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა ყველაზე მოთხოვნად და თურქეთიდან იმპორტირებულ, ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე ფასის ზრდა. კარგია, რომ საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა. ეს იყო აქტიური კომუნიკაციების შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან ახორციელებდა. ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. ამ ეტაპზე ფაქტების შეფასებას ვახორციელებთ. კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევას დავიწყებთ, საზოგადოებას ვაცნობებთ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამასთან, ლექვინაძემ განმარტა, რა ფაქტორები შეიძლება იყოს მოკვლევის დაწყების საფუძველი.

„მოკვლევის დაწყების საფუძველია, პრაქტიკულად, ფასის ერთდროულად ზრდის მომენტი. გვაინტერესებს, ეს დაკავშირებული იყო თუ არა გარკვეულ ტექნიკურ და ობიექტურ გარემოებებთან. თუ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც მოხდა გაძვირება და მათი ჩამნაცვლებლების ბაზარზე დომინანტი კომპანიები იქნებიან, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საკითხი განხილული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება.

ჰოლდინგური ჯგუფების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, დღევანდელი მოცემულობით, ბაზარზე გვაქვს მაღალი კონცენტრაცია, მსხვილი ჰოლდინგების ჯგუფები – სამი ჰოლდინგური ჯგუფის წილი 80 პროცენტამდეა, რაც ჯგუფური დომინირების პროცენტულობას ნიშნავს. ჩვენი მონიტორინგის ანგარიშში ვთქვით, რომ დღეს არსებული ჰოლდინგური ჯგუფები იმ სისტემაში, რომელიც იყო გასულ წლამდე, ვიდრე სისტემური რეფორმები დაიწყებოდა, ორიენტირებული იყვნენ საკუთარი წარმოების ან საკუთარი იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში, მაღალბაჟიანი, ძვირადღირებული მედიკამენტების რეალიზაციაზე. სისტემური რეფორმების შემდეგ, როგორებიცაა გენერიკული რეცეპტები, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტების შემოღება, ჰოლდინგური ჯგუფები ამ მოცემულობით გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა ჰოლდინგურ ჯგუფებთან მიმართებით. ჩვენ მზად ვართ, პროცესებში აქტიურად ვიყოთ ჩართული. წინასწარ რაიმე ტიპის დარღვევაზე საუბარი არ შემიძლია“, – განაცხადა ლექვინაძემ.