ირაკლი ლექვინაძე პოლონეთში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი ლექვინაძე პოლონეთში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ვარშავაში მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPN) მიერ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„2022 წელს საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული. 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მომხმარებლის მხრიდან მომართვიანობა მზარდია. არასრული ერთი წლის მანძილზე ათასობით მომხმარებლის უფლება იქნა აღდგენილი, ათობით კომპანიამ შეცვალა თავისი შიდა პოლიტიკა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა. ჩვენი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელი არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა, რაც საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ICPEN-ის პარტნიორი 2023 წლის სექტემბერში გახდა. მადლობა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის, ჩვენი უწყებისთვის თქვენთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგა უწყებებთან. სააგენტო აღსრულების პროცესში აქტიურად იყენებს გაერო-ს გაიდლაინებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. მათ შორის, ხუთი მარეგულირებლის ეგიდით, 2022 წელს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების შესახებ, რომელშიც 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო კონფერენციამ ყოველწლიური აღნიშვნის ფორმატი მიიღო. შედეგად, 2023 წლის 16-18 ნოემბერს საქართველო მეორე საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ. ველოდებით 20-მდე ქვეყნის დელეგაციას. ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ფორმატში კონფერენციაზე განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში შეტანილი წვლილისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პოლონეთის რესპუბლიკაში, ვარშავაში სამუშაო ვიზიტით ასევე იმყოფება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი 2023 წლის სექტემბერში გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.