ირაკლი ლექვინაძე - მესამე წელია, მსოფლიო კონკურენციის დღეს საქართველო საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება
ირაკლი ლექვინაძე - მესამე წელია, მსოფლიო კონკურენციის დღეს საქართველო საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება

5 დეკემბერს მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობით 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია, უერთდება, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის აღსრულება ძლიერდება, რასაც გაზრდილი მომართვიანობა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები ადასტურებს.

„2014 წლიდან დღემდე კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. 2021 წლიდან სააგენტოს ეკისრება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის“, ხოლო 2022 წლის ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ფართოვდება და ეს პროცესი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით – 2024 წლიდან ჩვენი უწყება ახალი სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას – ,,საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო’’.

2014 წლიდან დღემდე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ 94 რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის  61 სახელმწიფო ორგანოების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართულებით. კონკრეტული შედეგებით დასრულდა 47 საქმის მოკვლევა და 12 ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 31 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სააგენტო აქტიურ ფორმატში თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე კოლეგა უწყებებთან.

„2014-2023 წლებში გაფორმებულია 24 საერთაშორისო მემორანდუმი. სააგენტო არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელის, ICN-ის აქტიური წევრი, 2023 წლიდან კი – მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი. აქტიურად ვთანამშრომლობთ UNCTAD-ის, OECD-ის, USAID-ის წარმომადგენლობებთან. მიმდინარე წლის 16-18 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, ღონისძიებას 300-ზე მეტი დელეგატი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. საერთაშორისო კონფერენციამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო.

მინდა, კონკურენციის საერთაშორისო დღე მივულოცო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს, საზოგადოებას, ვინც სხვადასხვა დროს აქტიურად იყო და დღესაც არის ჩართული კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიას და დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.