ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიის შეთანხმებულ ქმედებას ეხება
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიის შეთანხმებულ ქმედებას ეხება

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას ეხება.

როგორც ლექვინაძე ამბობს, საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო.

„საკითხი ეხება biletebi.ge-ის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ მოკვლევას, რომელიც მიმდინარეობს tkt.ge-სა და მის მფლობელ კომპანია „თინეთის“ მიმართ. „თინეთის“ დამფუძნებელი არის „თბს ბანკ გრუპი“, რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთში. მოკვლევა მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი საკითხი ეხება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას, მეორე კი რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, მათ შორის „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ს, შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და კომპანია „თინეთს“ შორის.

ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია კინოთეატრების ბილეთების რეალიზატორ კომპანიასა და „თინეთს“ შორის, ისეთ ჩანაწერებსა და „ექსკლუზივის“ პირობებს მოიცავდა, რომლებიც, წინასწარი შეფასებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველ ჩანაწერად მიიჩნია. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნულ ხელშეკრულებაში „ექსკლუზივის“ ჩანაწერის პირობა ამ ეტაპზე, მოკვლევის დასრულებამდე შეჩერებულია. ანუ, თუ შეჩერებამდე მხოლოდ tkt.ge-ს ჰქონდა კინოთეატრების ბილეთების ექსკლუზიურად რეალიზაციის უფლება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას ამის უფლება აღარ აქვს და ნებისმიერს შეუძლია, ამ მიმართულებით იმუშაოს. საკითხის მთლიანობაში განხილვისას, მოკვლევამ უნდა აჩვენოს, რეალურად დაირღვა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა. ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ამ ეტაპზე საკითხი ეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციას, თუმცა მოკვლევის შედეგების არეალი და რეკომენდაციები, რომლებსაც მოკვლევის ფარგლებში წარმოვადგენთ, შესაძლოა, ბევრად ფართოდ იყოს და ბევრ სფეროს შეეხოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს ბრძანებით, სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.