ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში დაიწყება
ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში დაიწყება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში მოხდება.

„ჩვენ კვლევაში საუბარია, რომ გვაქვს ბაზარზე ჯგუფური დომინირების მოცემულობა, ჰოლდინგური სტრუქტურები. დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული კონტროლის მექანიზმები კარგად არ მუშაობს, ჰოლდინგური სტრუქტურები ატარებენ მეტად კომერციულ ინტერესს, ვიდრე მოქალაქეზე საუკეთესო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის. ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ იმპორტირებულ ან წარმოებულ წამალს მეტად მხარს უჭერს გაყიდვების დროს მათსავე კლინიკაში ან ფარმაცეპტულ ქსელში. ასეთ სტრუქტურებში 50 პროცენტზე მეტია საკუთარი მედიკამენტების რეალიზაციის წილი.

დღევანდელ მთავარ პრობლემას ჩვენ ვხედავთ სისტემური საკითხების არათანმიმდევრულ კონტროლში და ეფექტურ აღსრულებაში. კერძოდ, დღეს საქართველოში არ მუშაობს რეცეპტის და დანიშნულების სისტემა. გვყავს ძირითადი კომპანიები, რომელთა მარჟები არის 7-25 პროცენტი, მაგრამ მცირე ოდენობით არიან არაკეთილსინდისიერი კონპანიებიც, რომელთა მარჟები 200-300 პროცენტია. ამის მიზეზია, რომ მათ აქვთ გარანტირებული გაყიდვები. ისინი გარიგებაში არიან რეცეპტის, დანიშნულების გამომწერებთან და ის კონკრეტულად ამ მედიკამენტებზე აკეთებს მითითებას.

შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს. არის პირველი რიგის ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოა და მალე უნდა გადაიდგას. ასეთი 11-ია და გვაქვს შემდგომი ეტაპის ორი რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციებზე სამუშაოდ ხდება სამუშაო ჯგუფის ფორმირება. დავალება გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ამ საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მათი გათვლებით, მხოლოდ ერთი ჯგუფის მედიკამენტზე მოსახლეობის დანახარჯები 25%-ით შემცირდება, რაც ჯამში 250 მლნ ლარს აჭარბებს.