ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკი სწორ, მაგრამ დაგვიანებულ ნაბიჯებს დგამს
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკი სწორ, მაგრამ დაგვიანებულ ნაბიჯებს დგამს

ეროვნული ბანკი ინფლაციისა და ფასების სტაბილურობის მართვის კუთხით ბოლო დროს სწორ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ეს ნაბიჯები ცოტა დაგვიანებულია, ამიტომ მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს მომავალ წელს მნიშვნელოვანი სამუშაოების გაწევა მოუწევთ, რათა 2020 წლისთვის ეკონომიკის პროგნოზირებული ხუთპროცენტიანი ზრდა რეალობად იქცეს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტენდენციები განიხილეს. დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანმა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, რაც ე.წ. რეფინანსირების განაკვეთის ჯერ 0,5, შემდეგ კი ერთი პროცენტით ზრდაში გამოიხატა, მომავალი წელს შესაძლოა, ეკონომიკის პროგნოზირებულ ხუთპროცენტიან ზრდას გარკვეული რისკი შეუქმნას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე ნაბიჯები სწორია და აჯობებდა, რომ ცენტრალური ბანკი ამ გზით უფრო ადრეც წასულიყო.

„ლარის გაუფასურება და ფასების სტაბილურობა არის პირველი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. აწუხებდა ადრეც და ახლა განსაკუთრებით აწუხებს, რადგან ლარი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა იმ ნიშნულზე, რასაც ახლა მიუახლოვდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთი დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ისტორიული მაქსიმუმი ავიდა 2.95-ზე, მერე 2.97-ზე და ა.შ. თითქმის ყოველდღე იზრდება. ამიტომ, ეს სერიოზული პრობლემაა. ამ თვალსაზრისით, ის ნაბიჯები, რასაც ცენტრალური ბანკი ბოლო პერიოდში დგამს სწორია. რამდენიმე დღის წინაც გავაკეთე განცხადება, როდესაც მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტით გაზარდა – მანამდე რიგგარეშე სხდომაზე 0.5 პროცენტით აწია. ეს იყო სწორი და აუცილებელი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ცოტა დაგვიანებულიც. ამ ნაბიჯის გადადგმა ადრეც იყო შესაძლებელი, რომ ამ მიმართულებით პრევენციული ქმედებები გვქონოდა და ინფლაციის იმ ნიშნულამდე არ მივსულიყავით, რაც არის – 6.4 პროცენტზეა ინფლაცია ასული, რაც პროგნოზირებულ მიზნობრივ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. არადა, ფასების სტაბილურობა არის ნომერ პირველი საკითხი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სესხებს გააძვირებს და გავლენა, ზოგადად, მომავალი წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც ექნება. ამიტომ, ეროვნულ ბანკს და მთავრობას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით პროგნოზირებული ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა რეალურად შედგეს.

„რეფინანსირების განაკვეთის ერთ პროცენტიანი ზრდა ნიშნავს, რომ სესხებზე განაკვეთებმა აიწია. ამას თავისი გადაცემის მექანიზმები აქვს, რომელიც სწრაფად არ მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალ წელსაც იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდაც შეიძლება ისეთი არ გვქონდეს, როგორიც არის. ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობასაც და ეროვნულ ბანკსაც მნიშვნელოვანის სამუშაოების ჩატარება მოუწევთ, რომ ბიუჯეტში ჩადებული ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მიღწეულ იქნეს“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.