ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.4%-ით გამყარდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.4%-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6752-დან 2.6558-მდე, ანუ 0.7%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.9215-დან 2.8675-მდე, 1.8%-ით გამყარდა.

თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6606 და 2.8780 შეადგინა.

„თებერვალში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური მნიშვნელობის გადახრა ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მაქსიმალურისა. თებერვალში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ლარისა და დრამის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა; ასევე გაუფასურდნენ რუბლი და ევრო, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. წლიურად, თებერვალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.4%-ით გამყარდა.

რაც შეეხება თვის ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, თებერვალში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით – 0.5%-ით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 1.9%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, ევროზონასა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.