ირაკლი კოვზანაძე - ახალი ფრაქციების შექმნა ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება
ირაკლი კოვზანაძე - ახალი ფრაქციების შექმნა ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ახალი ფრაქციების შექმნასთან ერთად, მის საბიუჯეტო უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, – ამის შესახებ არლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა პარლამენტის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება.

„პარლამენტის რეგლამენტი ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად ითვალისწინებს მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას. ეს არის გარკვეული მცირე აპარატი ფრაქციისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა. არამგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს პარლამენტის ბიუჯეტისათვის.

შესაბამის პროცედურებს ითვალისწინებს რეგლამენტი და იქ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი” – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.