ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.
„კონსულტაციების შედეგად, სავარაუდოდ ორი ფრაქცია შეიქმნება, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ გაერთიანდებიან. გადაჯგუფება სხვა ფრაქციებიდანაც მოხდება, საბოლოო ჯამში, უმრავლესობის შიგნით რვა ფრაქცია იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის მტკიცებით, ფრაქციების გადაჯგუფება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს არ უკავშირდება.
„ფრაქციების გადაჯგუფება რაიმე სახის პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება და ეს ცუდი ნათქვამია, რადგან თუ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიის უპირობო ნაწილია.
წლების წინ უკამათო გადაწყვეტილებებს კარგი პროცესები არ მოჰყვებოდა. ჩვენ ვკამათობთ და საზოგადოების წინაშე საერთო გადაწყვეტილებებით გამოვდივართ. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მსჯელობა მიდის და ხშირ შემთხვევაში ცხარე კამათიც კი. ჩვენთან მსგავსი დამოკიდებულება რაიმე დაპირისპირებად არ აღიქმება, ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ამ სიძლიერეზე გადაწყვეტილებების სიმყარე და სისწორე დგას“, – განაცხადა მდინარაძემ.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო ექვსი დეპუტატია.
საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.