ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, დღეს კი, მხარეები პოზიციებს შეაჯერებენ.
საუბარია მეოთხე ტალღის რეფორმაზე, რომლის მთავარი მიმართულებებია მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხი, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის რეფორმირება.
რეფორმის მეოთხე ტალღის შედეგად უნდა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა. ასევე გაიწერება, იუსტიციის სკოლის მსმენელთა სწავლის ხანგრძლივობა და სკოლის საქმიანობის საკითხები.