ირაკლი კობახიძე - პირველი ტურის წინ ნიკანორ მელია სამარცხვინოდ გაექცა დებატებს, ამ პირობებში მასთან დებატებში მეორედ დაჯდომა აზრს მოკლებულია
ირაკლი კობახიძე - პირველი ტურის წინ ნიკანორ მელია სამარცხვინოდ გაექცა დებატებს, ამ პირობებში მასთან დებატებში მეორედ დაჯდომა აზრს მოკლებულია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია პირველი ტურის ფარგლებში სამარცხვინოდ გაექცა დებატებს და კახა კალაძის მიერ მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს მოკლებულია.

„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. ბუნებრივია, მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როცა პირველი ტურის წინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დებატებთან დაკავშირებით ნიკანორ მელიას შეთავაზება არის პოპულისტური.

„მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საპასუხოდ, მელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა. „სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა. არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა, ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ“, – დაწერა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართა დებატები თბილისის მერობის 16-ვე კანდიდატს შორის. ნიკანორ მელიამ უარი განაცხადა დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე და შესავალი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.