კელი დეგნანი - ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მართლმსაჯულების რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას
კელი დეგნანი - ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მართლმსაჯულების რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას

აშშ დიდი ხანია საქართველოს პარტნიორი მართლმსაჯულების რეფორმის პროცესშია, რაც მიმართულია ამ სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ და მართლმსაჯულების კომპეტენციის ამაღლებისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა, რომელიც მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ესწრებოდა თემაზე – „უწყვეტი სამართალწარმოების პრინციპის დამკვიდრება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში“.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას.

„აშშ დიდი ხანია საქართველოს პარტნიორი მართლმსაჯულების რეფორმის პროცესშია, რაც მიმართულია ამ სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ და მართლმსაჯულების კომპეტენციის ამაღლებისკენ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმის ნებისმიერ ძალისხმევას. ის, რომ დღეს ამ ღონისძიებას ვმასპინძლობთ, რომელიც კანონის პრაქტიკაში გამოყენებას ეხება, ეს იმის ნიშანია, რომ მხარდაჭერას ვაგრძელებთ.

მე ვიტყოდი, რომ უკვე არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაცია მოხდა. ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამაში, ვიმუშავეთ პარლამენტთან. ახლა კიდევ არის ვენეციის კომისიის თვალსაჩინო რეკომენდაციები, რეკომენდაციებია აშშ-სგან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებისგან, გზებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა განმტკიცდება. იმედი მაქვს, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ რეკომენდაციების ამოქმედება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვნახეთ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ ეს აუცილებელი რეფორმებია, რაც პრიორიტეტული უნდა იყოს. პირველ რიგში, პრიორიტეტულად აამოქმედეთ ეს რეკომენდაციები და ჩვენ მოხარული ვიქნებით, მართლმსაჯულების სისტემის დამატებით განმტკიცებაზე დისკუსიაში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ არის მზაობა, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩაერთონ მაღალი დონის ყოფილი ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან.