ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან
ნიკოლოზ სამხარაძე - მზად ვართ, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ არის მზაობა, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩაერთონ მაღალი დონის ყოფილი ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან.

ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, დასავლელ პარტნიორებში არის აღქმა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით კონკრეტული წინადადებები შემუშავებული არ არის.

„აშშ-ში ვიზიტისას ვისაუბრეთ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც გვქონდა საუბარი, არის ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ფაქტობრივად, მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმები, რომლებიც უნდა გავატაროთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მომდევნო სამი წელი, ამ რეფორმების გასატარებლად იქნება საუკეთესო პერიოდი, რადგან ჩვენ არ გვაქვს არჩევნები. შესაბამისად, ყველა ძალიან კარგად ხვდება იმას, რომ როდესაც არ არის არჩევნები და საარჩევნო წელი, იმ პერიოდში ბევრად უფრო მარტივია რეფორმების გატარება.

ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხს, რომ ამ რეფორმების გატარებისა და შეთანხმების მთავარი ადგილი უნდა იყოს პარლამენტი. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტს უგულებელყოფს, ვერ გახდება საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის თანამონაწილე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი ჩვენ მკაფიოდ მივიღეთ, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ასევე ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვქონდა აზრთა თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, ამ სასამართლო რეფორმაზე კონკრეტული წინადადებები არ არის შემუშავებული და ძალიან საინტერესო იყო, რომ ამის აღქმა ხდება ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი შეთავაზება იყო, იმის გამო, რომ კონკრეტიკა ამ სასამართლო რეფორმას არ აქვს, გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი, რა გაკეთდა აქამდე, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამაში ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი მოსამართლეები, ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან. ამ ანალიზის შედეგად ვნახოთ, თუ კანონში რამე არის შესაცვლელი, შევცვალოთ. აი ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი