ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას აფგან მუხთარლის საქმეზე
იმედი მაქვს, პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას აფგან მუხთარლის საქმეზე და ყველას გვეცოდინება, რა მოხდა – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ირაკლი კობახიძეს აფგან მუხთარლის საქმეზე კითხვა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ დაუსვა. მან ირაკლი კობახიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიმართვა შეახსენა, რომლითაც მესამე სექტორი აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმე საკანონმდებლო ორგანოსთვისაც მტკივნეულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს.
„მუხთარლის საქმე არის ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტისთვისაც. ჩვენ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა შეხვედრაზე არა, მაგრამ ძალიან ხშირად ისმება ეს საკითხი ჩვენს წინაშე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი. ერთი-ერთი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იყო ის, რომ გადასულიყო ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაზე, ეს განხორციელდა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საბოლოოდ დაადგენს ჭეშმარიტებას ამ საქმეზე და გვეცოდინება ყველას, თუ რა მოხდა მუთხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ ზოგადად, ეს პრობლემა იქნება საბოლოო ჯამში მოგვარებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო სექტორს 2017 წელს პარლამენტის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო და ისაუბრა იმ ცვლილებებზეც, რომელიც 2018 წელს არის დაგეგმილი.