ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ქმედითი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შევქმნათ
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნება ქმედითი მექანიზმი და აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.
„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ეს ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულებაა. შესაბამისად, მსჯელობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ვალდებულება არა მხოლოდ ფორმალურად შევასრულოთ, არამედ ქმედითი მექანიზმი შევქმნათ დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით. ამაზე მუშაობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება. აღნიშნულ სამუშაოში კი, რა თქმა უნდა, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე, სხვა პარტნიორები იქნებიან ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კოალიციამ „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანოპროექტზე – „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, დღეს შენიშვნები გამოაქვეყნა. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი არ ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც კოალიციამ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა. კოლაიცია აცხადებს, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭების აუცილებლობა.