სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით კენჭს უყრის.

საკანონმდებლო პაკეტი გუშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა, თუმცა იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო, კენჭისყრები გადაიდო.

ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება.

კერძოდ, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შესაძლო შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; ასევე, გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით იქმნება. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ორ კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა ექვსი წლით განისაზღვრება. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ  ორჯერ არ აირჩევა.

სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს.