ეკა ბესელიას განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა, რათა უწყებებს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს
ეკა ბესელიას განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა, რათა უწყებებს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს

ვფიქრობ, ბევრ საკითხში სიცხადეა შესატანი, პირველი ის, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი უკვე შექმნილია და კანონიც უკვე მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშში არსებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ძირეული რეკომენდაცია, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოოდ კანონის სახე მისცეს.

„ჩვენ ეს პოლიტიკური ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ გამოძიებას ნდობა ჰქონდეს და უწყებებს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოვრიცხოთ.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, როდესაც ახალი საგამოძიებო სტრუქტურა უნდა დაკომპლექტდეს, რომელიც სწორედ ისეთ საქმეებზე იმუშავებს, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტი უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.