გიორგი ტუღუში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი რატომ უნდა იძიებდეს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ჩემთვის გაუგებარია
გიორგი ტუღუში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი რატომ უნდა იძიებდეს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ჩემთვის გაუგებარია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი რატომ უნდა იძიებდეს სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ისეთ დანაშაულს, როგორიც წამება და არაადამიანური მოპყრობაა, ჩემთვის გაუგებარია, – საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეთავაზებულ მოდელს აკრიტიკებს.

„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტების ფაქტობრივად შერწყმაზე. ეს აბსოლუტურად ახალი თემაა და ამას საკმაოდ სერიოზული განხილვა, მათ შორის არსამთავრობო სექტორთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან სჭირდება. ასევე ძალიან საინტერესოა ამ მთელ მექანიზმში პროკურატურის როლი რა იქნება. თუ ისინი აპირებენ ინსპექტორს საგამოძიებო ფუნქცია დაუმატონ გამოძიების კუთხით, პროკურატურის როლი რა იქნება. დევნას და საპროცესო ზედამხედველობას ისევ ისინი განახორციელებენ? ეს იმ კანონპროექტთან და იმ პრინციპებთან რაც არასამთავრობო სექტორის მიერ იყო წარმოდგენილი, თანხვედრაში არ არის. ეს მოდელი რომელიც აღებულია აბსოლუტურად გაუგონარია.”-აცხადებს ტუღუში

გიორგი ტუღუშის განმარტებით, ეს მექანიზმი ნაჩქარევად არ უნდა შეიქმნას, რადგან მომავალში ძალიან დიდი პრობლემა გაჩნდება.

„პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი რატომ უნდა იძიებდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ისეთ დანაშაულს, როგორიც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.
ეს მექანიზმი ნაჩქარევად არ უნდა შეიქმნას. იმიტომ, რომ მომავალში ძალიან დიდი პრობლემა გაჩნდება. ინსპექტორის სამსახური, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ამ მიმართულებაში შეცვლა სჭირდება”,- აღნიშნა ტუღუშმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა განცხადება. როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.