სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს

ახალ საგამოძიებო მექანიზმს, რომელსაც კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეწოდება, თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, თამარ ქალდანი აღნიშნულ მექანიზმს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უხელმძღვანელებს.

„თამარ ქალდანს წელიწადნახევარში ეწურება უფლებამოსილების ვადა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მხარს დაუჭერს პარლამენტი, ეს საგამოძიებო მექანიზმი ამოქმედდება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. რამდენიმე თვე ის ამ ფუნქციას შეითავსებს და შემდეგ პარლამენტს მოუწევს, ახალი ხელმძღვანელი ხუთი წლის ვადით აირჩიოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.

კანონპროექტის თანახმად, ამ ინსტიტუტს სახელმწიფო ინსპექტორი უხელმძღვანელებს, რომელიც, საგამოძიებო ფუნქციებთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებსაც შეისწავლის. ინსპექტორის ორ-ხუთ კანდიდატს სპეციალური კომისია შეარჩევს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრი კი პარლამენტს ორ კანდიდატს შესთავაზებს ასარჩევად.

პირველ ეტაპზე, სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციას, ვადის ამოწურვამდე, თამარ ქალდანი შეასრულებს. რაც შეეხება გარანტიებს, ინსპექტორი ისარგებლებს იმუნიტეტით და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მხოლოდ მთავარი პროკურორი შეძლებს, პარლამენტის ნებართვით.

თავის მხრივ, ინსპექტორს შეუძლია, გამოძიება და დევნა დაიწყოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. გამონაკლისია მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა განცხადება.