საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება

პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელწოდებით – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს – სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემისა და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც მოქალაქის მოკვდინებით შეიძლება დასრულდეს; ასევე, მეორე მიმართულება იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში და კანონიერების პრინციპის დაცვის კონტროლი.

“წარმოვადგენთ, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ექსპერტთა წრეების წინაშე კანონპროექტს, რომელიც ძალოვან უწყებასთან არის შეჯერებული. მასში გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იკისრა. თუკი ეს გაზიარებული იქნება პარლამენტის მიერ, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს სახელად – სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, რომელსაც საქმიანობის სამი მიმართულება ექნება“,-აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი აირჩევს.