დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილეს
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილეს

სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი  – „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს გამოიძიებს.

„ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ, დამოუკიდებელ ინსტიტუტს,  რომელსაც არ ექნება ინტერესი იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელიც უნდა გამოიძიოს. ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა იმ ვითარებაში, როდესაც სამართალდამცავ ორგანოს, რომლის წარმომადგენელმაც ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, უნდა გამოეძიებინა აღნიშნული საქმე. ეს ინტერესთა კონფლიქტი აღმოიფხვრება, რადგან ახალი ინსტიტუტი იქნება დამოუკიდებელი. ეს იქნება ინსტიტუტი, რომელიც გამოძიებას მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.

მისი თქმით, იყო გარკვეული შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს საქმეებს პროკურატურა იძიებს.

„პროკურატურა არ გამოიძიებს, ამიტომ ვქმნით ამ ახალ საგამოძიებო მექანიზმს, რომელიც იქნება  ერთადერთი ექსლუზიური უფლება-მოსილების ორგანო გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განმარტა ალექსანდრე ბარამიძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.