თამარ ქალდანი - საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა აუცილებელია 
თამარ ქალდანი - საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა აუცილებელია 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა აუცილებელია, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პარლამენტი წლებია საუბრობენ.

როგორც ჟურნალისტებს ქალდანმა განუცხადა, მისმა აპარატმა წინადადებები იმ პროექტზე მოამზადა, რომელიც საზოგადოებას ორი კვირის წინ წარედგინა.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა რომ აუცილებელია, ამაზე სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პარლამენტი წლებია საუბრობენ. ზოგადად, ყველა სისტემის ეფექტურობას ბევრი მუშაობა და ძალიან მყარი სამართლებრივი გარანტიები სჭირდება. მგონი, სრული თანხმობა უნდა იყოს, რომ უბრალოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი კი არ გვჭირდება, არამედ ეფექტური. საზოგადოებას ამის მკაფიო მოთხოვნა აქვს და ეს საჭიროება დადასტურებულია. განხილვები იმისთვის ხდება, რომ ეფექტური მექანიზმი მივიღოთ”, – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

ქალდანის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სისტემის აწყობა მას მოუწევს, რადგან ინსტიტუტი მუშაობას 2019 წლის იანვრიდან იწყებს.

“იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული ვერსია იმას გულისხმობდა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცვლილება მოხდება და სახელმწიფო ინსპექტორის სახით ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, რომელიც შეითავსებს როგორც პერსონალური მონაცემების დაცვასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას, ასევე დამოუკიდებელ საგამოძიებო ფუნქციას. ამ სისტემის აწყობა მე უნდა მომიწიოს, რადგან მოქმედი ვადით უფლებამოსილებას შევინარჩუნებ და ამ სისტემის აწყობა ჩემს
მოქმედ ვადაში უნდა მოხდეს, რომელიც 2019 წლის 2 ივნისამდე მაქვს. სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება და მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებიდან პირველი-ექვსი თვე შეიძლება საქმიანობა მოქმედ ინსპექტორს მოუწიოს”, – განაცხადა ქალდანმა.