მერაბ გაფრინდაშვილი - ჩვენ ბრალს გვდებენ, თითქოს, ჰომოსექსუალების გარიყვას ვახდენთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის
მას შემდეგ, რაც ჩვენს ეკლესიას ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა მიმართ სიძულვილსა და შიშში ბრალი დაედო, გადავწყვიტეთ, სინოდის სახელით საჯარო განცხადება გაგვეკეთებინა – ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჰომოსექსუალ პრაქტიკასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ მაქვს გარკვეული უხერხულობის განცდა იმის გამო, რომ ჩვენივე ეკლესიის ეპისკოპოსთან პოლემიკაში შესვლა საჯარო სივრცეში მიწევს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ჰომოსექსუალი პრაქტიკის ნებისმიერი ფორმა ბიბლიურ სწავლებასთან სრულ შეუთავსებლობაშია.
როგორც საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა აღნიშნა, როცა ადამიანები გარკვეული ჯგუფის საზოგადოებისგან გარიყვას ახდენენ, ეს სიძულვილის გამოხატვის ერთ–ერთი ფორმაა.
„ჩვენ ბრალს გვდებენ, თითქოს, ჰომოსექსუალების გარიყვას ვახდენთ, ან მათი მიმღებლობა არ გვინდა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ეკლესიის კარი აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ღიაა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა მერაბ გაფრინდაშვილი, რომ სინოდის ოთხი ეპისკოპოსიდან ერთადერთი, ვინც სინოდის სხდომას ესწრებოდა და ამ მოსაზრებას იზიარებს, თავად იყო, მერაბ გაფრინდაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე აბსოლუტურად ყველა ეპისკოპოსი იყო მიპატიჟებული, მაგრამ სამწუხაროდ, სინოდის ერთი ნაწილი არ მივიდა.
„მათი მოსვლა ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან გვინდოდა, ახსნა–განმარტებები სწორედ მათი მხრიდან მოგვესმინა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა დღევანდელ გადაცემაში საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილისის რეგიონის ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ 19 იანვარს გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაზე საპასუხო განცხადებები გააკეთა.
ამასთან, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდმა მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.