გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი - პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია
გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი - პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობას რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოფელ ბირკიანის მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„გასულ კვირას პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში შეხვედრაზე ვიმყოფებოდით ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, მინისტრების მოადგილეებთან და ექპერტებთან ერთად, სადაც მოწვეული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ხეობის უხუცესები. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მათ განემარტათ მდგომარეობა, არამარტო ჰესებთან დაკავშირებით, არამედ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც დაგეგმილია პანიკის ხეობაში.

პრაქტიკულად მოხდა შეთანხმება, რომ უკვე დაიწყებოდა ჰესის მშენებლობა. შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ჰესები მდგრადობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ალბათ ათეულში შედის. ჰესების მშენებლობას რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ვიღაც არაკომპეტენტური, შეგნებულად ან შეუგნებლად მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრაზე აბსოლუტური უმრავლესობა შეჯერდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს უკმაყოფილება. მათთვის შეთავაზებული იქნა ჩვენი მხრიდან ისევ გავსაუბრებოდით და მიგვეწოდებინა უფრო მეტი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ შედგება კონსენსუსი და ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ“,- განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

პანკისის ხეობასი ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ ბირკიანში რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ასევე აქციის მონაწილეები. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი სოფლის ეკოსისტემას ხელს შეუშლის.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.