გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რაჭაში სტიქიის ზონის დეტალური კვლევისთვის სპეციალური ჯგუფები ჩავლენ
გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რაჭაში სტიქიის ზონის დეტალური კვლევისთვის სპეციალური ჯგუფები ჩავლენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ რაჭაში, სტიქიის ზონაში დათვალიერების შედეგად წყლის შეგუბება არსად დაუფიქსირებიათ.

„დილის საათებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით ვიმყოფებოდით მდინარე რიონის ზემო წელში და მის შენაკადებში, სააგენტოს ჰიდროლოგები და გეოლოგები, ერთიანი ჯგუფი იყო გასული სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან ერთად.

პირველ რიგში, ჩვენი გასვლის მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა, ხომ არ არის კიდევ რაიმე ახალი საშიშროება. ხშირია ასეთი სტიქიების დროს ხეობებში შეგუბება. ასე ვთქვათ, ბარიერების შექმნა, შემდეგ ერთჯერადი გარღვევა თავისი უარყოფითი შედეგებით. საბედნიეროდ, მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს“, – აცხადებს გაფრინდაშვილი.

​მისივე თქმით, ძალიან დეტალურად შეფასდა თითქმის ყველა ხეობა.

„რაც მივიღეთ ამ ორი დღის წინ, ეს შედეგები არის სავალალო. ვერც მე და ვერც ჩემი კოლეგები ვერ იხსენებენ საქართველოში ერთსა და იმავე რეგიონში ერთჯერადად ინფრასტრუქტურული ობიექტების მსგავსი მასშტაბის ნგრევას. ეს ის პერიოდია, როდესაც კავკასიონზე, მდინარე რიონის სათავეებში ინტენსიურად მიმდინარეობს მყინვარების დნობა. ამას თან დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა. შოვის მეტეოსადგურის მონაცემებით, 90 მილიმეტრამდე იყო 12 საათის განმავლობაში, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ღებისა და ჭიორას მიმართულებით, სათავეებისკენ მთის ზონაში გაცილებით დიდი ნალექი მოვიდა, რამაც გამოიწვია არნახული ნაპირგარეცხვითი პროცესები, წყალდიდობები, ადგილი გვაქვს დატბორვასთან. პრაქტიკულად, ყველა ღვარცოფული წყალსადინარი გააქტიურდა. საუბარია მდინარე რიონის აუზის ზემო წელის შენაკადებზე, ძირითადად მარჯვენა შენაკადებზე. ამავდროულად, ადგილი ჰქონდა ფერდობებზე მეწყრული პროცესების ჩასახვა გააქტიურებას, თუმცა ამ ეტაპზე არამასშტაბურად მიმდინარეობდა ეს პროცესები.

სამწუხაროდ, დიდი ზარალია – ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ერთად, გზები, ხიდები, წყალმომარაგების სათავე ნაგებობები, მაღალი ძაბვის ანძები, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები. ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოც არის დატბორილი. ამასთანავე, სამწუხაროდ, ნაპირების გარეცხვას მოჰყვა რამდენიმე ერთეული საცხოვრებელი სახლის დაზიანება. ის ზონები, სადაც მოხდა საკარმიდამო ნაკვეთების  დატბორვა, დაახლოებით არის 8-10 ოჯახი“, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.

გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილზე დეტალური კვლევისთვის სპეციალური ჯგუფები ჩავლენ.

„პრევენციული ღონისძიების გატარება არის შესაძლებელი, რათა დავიცვათ მოსახლეობა. მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე არის რამდენიმე ოჯახი, ერთი სახლი დანგრეულია და რამდენიმეს საფრთხე ემუქრება, იქ დიდი ალბათობით რაიმე კაპიტალური დამცავი ღონისძიების გატარება ძნელად განსახორციელებელი იქნება და შევჯერდებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად“, – აცხადებს მერაბ გაფრინდაშვილი.