ირაკლი ბათიაშვილი - თუკი წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა გვეშველება თუ არა რამე, მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება
მიხეილ სააკაშვილის და ბნელი ძალის დაბრუნების შემთხვევაში დიდი ხნით დასამარდება საქართველოს მომავალი, რაც არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით თელავში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
ბათიაშვილის თქმით, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში არსებული ნეგატივებისა, დღეს, ამ მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ არის განვითარების და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივა.
„წესით და რიგით დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი დგას. წინ უნდა ვიხედებოდეთ, მომავლისკენ და წარსულის რეციდივებზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ.
ტრაგედიაა, რომ კვლავაც გვიწევს საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილზე. მე კარგად მესმის ჩვენი ხალხის. მათ უჭირთ და ამის გამო არის ნეგატიური მუხტი. უჭირს გლეხს, მუშას, პედაგოგს, მეცნიერს. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს – მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში არსებული ნეგატივებისა, დღეს ჩვენ ამ მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ მაინც გვაქვს განვითარების და ქვეყნის გადარჩენის პერსპექტივა. სააკაშვილის და ბნელი ძალის დაბრუნების შემთხვევაში კი დიდი ხნით დასამარდება საქართველოს მომავალი, რაც არ უნდა დავუშვათ. თუკი ეს წარსული მობრუნდა, მაშინ აღარავინ უნდა დასვას ის ცნობილი კითხვა – „გვეშველება რამე?“ – მერე უკვე კარგა ხნით არაფერი გვეშველება“,- განაცხადა ბათიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, არასდროს ყოფილა დღევანდელი ხელისუფლების ადვოკატი, „მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს იმ პროპაგანდით, რომ „ძველი ხელისუფლება ბოროტი და მკვლელი იყო, მაგრამ საქმეს აკეთებდა“.
„რა საქმეს აკეთებდა? გამოვიდეთ ამ სიბრმავიდან და ილუზიიდან. ერთი თეთრი დახმარება არ მიუცია იმ ხელისუფლებას გლეხისთვის, ერთი წვეთი ღვინო და ერთი გრამი ვაშლი არ გასულა საქართველოდან – ფაქტია, ადრე თუ გვიან ეს კატასტროფით დამთავრდებოდა მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის.
მადლობა ღმერთს, ახლა მთლად ასე არ არის საქმე. ადამიანი წინა ხელისუფლების დროს ოპერაციას ვერ გაუკეთებდა შვილს თუ დედას; რეანიმაციაში ვერ დააწვენდა სახლ-კარს თუ არ გაყიდდა, ახლა ხომ ასე არ არის საქმე? მე ძალიან კრიტიკულად ვარ ამ ხელისუფლების მიმართ განწყობილი, თუმცა არ უნდა მოვექცეთ ტყუილში, როდესაც ადამიანების ცნობიერების პროპაგანდისტულ ბომბარდირებას ახდენს ერთი ტელევიზია – „რუსთავი 2“. ისინი 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ გამოურეცხონ ადამიანების ტვინი. მათი და იმ ძალის მიზანი, რომლის ტელევიზიასაც ის წარმოადგენს, არის მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადება. და ამ არეულობის ტალღაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა, ან პირდაპირ ისე მოსვლა, როცა პარლამენტში შემოვარდნენ და დახტოდნენ მაგიდებზე. ეს არის მათი გეგმა“,- განაცხადა ბათიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ის თანაუგრძნობს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, მაგრამ მისივე თქმით, „ამ ადამიანების ტრაგედიას „რუსთავი 2“ და ის ძალა, ვისაც ის ეკუთვნის, სპეკულაციისთვის იყენებს“.
„მე გული მტკივა და თანავუგრძნობ შვილმკვდარ მამებს და დედებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს; მაგრამ „რუსთავი 2“ და ის ძალა, ვისაც ის ეკუთვნის, სპეკულაციისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. ბევრი გულგაციებული და განაწყენებული ადამიანია, თუმცა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ იმ ბნელი ძალის მობრუნება დაკავშირებული იქნება მასობრივ არეულობასთან. ყველა უნდა დაირაზმოს და ყველამ უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი, გონივრული არჩევანი, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.