ირაკლი ბათიაშვილი - წინა ხელისუფლებამ ციხეში ჩემ ჩასასმელად ყველაფერი გააკეთა
ირაკლი ბათიაშვილი - წინა ხელისუფლებამ ციხეში ჩემ ჩასასმელად ყველაფერი გააკეთა

მოხარული ვარ, რომ სამართალმა პური ჭამა,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ბათიაშვილმა, რომლის საქმეზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

„ჩემ საქმეში აშკარა იყო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ციხეში ჩემს ჩასასმელად“, – აღნიშნა ბათიაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებები იყო შეთითხნილი, მტკიცებულებები ფალსიფიცირებული და გადაწყვეტილების მიღებას 11 წელი ნამდვილად არ სჭირდებოდა.

„რაღაც გაურკვევლობის გრძნობაც მქონდა, რამე ფაქტორების ჩარევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ დღეს ძალიან მოხარული ვარ“,- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.