ირაკლი ბათიაშვილი - კონსერვატიზმის არსი ყველაზე ზუსტად გამოთქვა ჩვენმა დიდმა ილიამ სამი სიტყვით, მამული, ენა, სარწმუნოება, ამიტომ ვართ ყველა კონსერვატორები
ირაკლი ბათიაშვილი - კონსერვატიზმის არსი ყველაზე ზუსტად გამოთქვა ჩვენმა დიდმა ილიამ სამი სიტყვით, მამული, ენა, სარწმუნოება, ამიტომ ვართ ყველა კონსერვატორები

დღევანდელი საქართველოსთვის, და არამხოლოდ საქართველოსთვის, ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, სასიცოცხლოდ საჭიროა სწორედ ის მსოფლმხედველობა, რასაც ჰქვია კონსერვატიზმის მსოფლმხედველობა. ამაზეა დამოკიდებული თვითონ დასავლური ცივილიზაციის პერსპექტივა და ბედი, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის თეატრში, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვალდებული არიან, დაიცვან საქართველო, სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, დაიცვან ქრისტიანული ცივილიზაცია თანამედროვე ბარბაროსების, ნეომარქსისტების, გლობალისტებისა და ფსევდონეოლიბერალების შემოსევისგან“.

„როცა საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას, საქართველოს, კონსერვატიზმის არსი ყველაზე ზუსტად გამოთქვა ჩვენმა დიდმა ილიამ სამი სიტყვით – მამული, ენა, სარწმუნოება. ამიტომ ვართ ჩვენ, ყველა, კონსერვატორები. მეორე ფაქტორი, მსოფლმხედველობა კარგი რამაა, მაგრამ მთავარი არის, ვინ არიან ის პერსონები, ვინც გამოდიან ამ ინიციატივით და მე ვიცნობ ამ ადამიანებს, მჯერა ამ ადამიანების, ვისი ინიციატივითაც დაიწყო ახლა ეს მოძრაობა. მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, ვატო შაქარიშვილი, ბრწყინვალე პიროვნება, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რაც სჭირდება მართლაც და დღეს საღი იდეოლოგიის რეალიზაციას საქართველოში. გამორჩეული თავისი პატრიოტიზმით, ნათელი გონებით, იშვიათი გაბედულებით და დიდი ენერგიით, შინაგანი პატიოსნებით. მესამე ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც მეც მხარს ვუჭერ, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის, და არამხოლოდ საქართველოსთვის, ხედავთ, მსოფლიოში რა ხდება, იგივე, როცა ვლაპარაკობთ დასავლურ სამყაროზე, რა ხდება, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშეა, სასიცოცხლოდ სჭირდება სწორედ ეს მსოფლმხედველობა, რასაც ჰქვია კონსერვატიზმის მსოფლმხედველობა. ამაზეა დამოკიდებული თვითონ დასავლური ცივილიზაციის პერსპექტივა და ბედი.

მინდა, გამოვიყენო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, აწ დევნილი პრეზიდენტის, დონალდ ტრაპის ბოლოდროინდელი შესანიშნავი გამოსვლის სიტყვები და ვთქვა შემდეგი – ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო და სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, დავიცვათ ჩვენი დიდი ქრისტიანული ცივილიზაცია ამ ბარბაროსების შემოტევისგან, თანამედროვე ბარბაროსების შემოსევისგან, ნეომარქსისტების, გლობალისტებისა და ფსევდონეოლიბერალების შემოსევისგან, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.