ირაკლი ბათიაშვილის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნის - „ირაკლი ბათიაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა
ირაკლი ბათიაშვილის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნის - „ირაკლი ბათიაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა

მეცნიერისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ბათიაშვილის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს წიგნის – „ირაკლი ბათიაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში ქართველი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების წერილებთან ერთად, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წერილია შესული. წერილებთან ერთად, კრებული ასევე მოიცავს ირაკლი ბათიაშვილის ეროვნული მოძრაობისდროინდელ და შემდგომი წლების სტატიებს, ესეებს და ფილოსოფიურ ნაშრომებს.

პრეზენტაცია ირაკლი ბათიაშვილის საარქივო ვიდეომასალებითა და ფოტოებით გაიხსნა. კრებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში დაიბეჭდა.

„წიგნი შეიცავს ჩვენი საზოგადოების ძალიან ღირსეული და თვალსაჩინო წარმომადგენლების წერილებს, რომლებიც მე მეხება, ჩემდამია ეს წერილები დაწერილი. ასევე, ამ წიგნში არის სხვადასხვა პერიოდის ძალიან საინტერესო სტატიები, დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიდან, რომელიც იბეჭდებოდა არალეგალურ ჟურნალებში, ჩემი სტატიები, შემდგომი პერიოდის ჩემი ფილოსოფიური და პოლიტიკური სტატიები და ასევე, არის ძალიან საინტერესო განცხადებები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, მიმართვები, რომელიც არის სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა პიროვნებების წარმომადგენლების, მათ შორის, ეხება პერიოდს, როცა ვიყავი პოლიტიკური პატიმარი და ასე შემდგომ. მთლიანობაში, ეს ძალიან დიდი მოცულობის და საინტერესო წიგნია. წიგნის შექმნაში რამე მონაწილეობა არ მიმიღია, გარდა იმისა, რომ აქ არის ჩემი სტატიები.

მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის შექმნაში, ვინც ეს წერილები მომიძღვნა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორ გია შარვაშიძეს და პრეზენტაციის ორგანიზატორებს“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.