გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის

ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, არ უნდა დამონტაჟდეს ფირი, რომელიც შეიცავს მტკიცებულებებს.

„დიახ, ბათიაშვილის საქმეზე დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის და პროცესში მიუკერძოებლობის დარღვევა ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, ეს ფირი სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია (და რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე), არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად, ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ის შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის. მე მიყვარს იმაზე ფოკუსირება, რაც ხელისუფლების ხელში იყო და რა შეცდომაც არ უნდა დაუშვა არასდროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქციელზე აზრი არ შეუცვლია.

„ჩემი აზრი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია. იყო ამბოხი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა, ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, რადგან ყველას გვახსოვს, კვიციანი სად წავიდა – რუსეთში. იქ შეიფარეს. ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო, რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

დატოვე კომენტარი