ირაკლი ბათიაშვილმა დღეს საკუთარი წიგნის „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ პრეზენტაცია გამართა
ირაკლი ბათიაშვილმა დღეს საკუთარი წიგნის „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ პრეზენტაცია გამართა

ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა და პოლიტოლოგმა, ირაკლი ბათიაშვილმა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც განხილულია გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ შელინგის ნაწარმოები „გამოცხადების ფილოსოფია“. წიგნში ადამიანის ყოფიერების პრობლემებთან დაკავშირებით მსჯელობები ვითარდება.

ირაკლი ბათიაშვილმა საზოგადოებას საკუთარი წიგნის შინაარსი გააცნო და აღნიშნა, რომ მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

შელინგმა წამოწია ის პრობლემები, რაც მარადიულია და 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ამაზეა ჩემი წიგნი. ეს არის ერთგვარად შელინგის სკრუპულოზური განხილვა და ჩემ მიერ იმ პრობლემების თანამედროვე სტილში გააზრება. შელინგი როცა საუბრობს ისტორიულ არქეკატასტროფაზე, როგორც ისტორიის განმსაზღვრელზე, მე ამას ვაანალიზებ დღევანდელი ჩვენი გადასახედიდან, როდესაც ვუყურებთ, საით ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რანაირი კატასტროფის კონტურები ისახება ჩვენს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა პრეზენტაციაზე.

ღონისძიების მხარდამჭერია ევროპის უნივერსიტეტი. პრეზენტაციას მეცნიერები, პოლიტიკოსები, პროფესორები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე სიტყვით პროფესორები ვალერი რამიშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, ვალერიან ასათიანი და ზაზა შათირიშვილი გამოვიდნენ.