ირაკლი ბათიაშვილი - არ არსებობს არავითარი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხალხში, გაუთავებელი პოლარიზაცია, კონფრონტაცია არის პოლიტიკურ და პოლიტიზებულ სპექტრში
არ არსებობს არავითარი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხალხში, გაუთავებელი პოლარიზაცია და კონფრონტაცია არის პოლიტიკურ და პოლიტიზებულ სპექტრში, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„შეიძლება, გეჩვენებოდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი ფენა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიური ფენა. კი, ბევრნი არიან, მაგრამ ეს არ არის მთელი საზოგადოება. პოლიტიკური სპექტრი არის პარტიები, პოლიტიკური ძალები, პოლიტიზებული სპექტრი კი არის ამ პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული მთელი რიგი არასამთავრობოები და პიროვნებები, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირს ინარჩუნებენ. აქ, რამე იდეურ ნიადაგზე კი არ ხდება, რომ ის კონსერვატორია და ა.შ. ერთიც ლაპარაკობს, რომ ჩვენ გვინდა დასავლეთი, ხელისუფლებას კი ოფიციალურად აქვს გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი. 2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი იყო მუხლი, რომ ჩვენი კურსი არის ევროატლანტიკური კურსი. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკურ სპექტრში ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მეტი არაფერი“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ხელისუფლება არხეინად არ იყოს, ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული ოპოზიცია და, მათ შორის, რადიკალურიც, თუმცა არ უნდა იყოს ექსტრემიზმი.
„ეს სხვადასხვა ცნებაა. დაპირისპირება როდესაც კონფრონტაციაში გადადის, ამის მამოძრავებელ ფაქტორად გვევლინება ერთი ძალა, რომელიც უკვე რამდენი ხანია, შეპყრობილია რევანშის იდეაფიქსით, რომ ხელახლა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აი, ეს არის მთელი ამბავი, რაც ძალიან მარტივად გასაშიფრია. დანარჩენი პოლიტიკური ძალების რეიტინგი, სამწუხაროდ, არის ძალიან დაბალი, ხოლო გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომელთა რეიტინგიც ასევე ძალიან დაბალია, არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ძალები, მისი დანაყოფები, რაც მიზანმიმართულად გაკეთდა. ანუ, რეალურად, პოლარიზაცია არის პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც, ძირითადად, გამოწვეულია ერთი პოლიტიკური ძალის შეპყრობილი მდგომარეობით, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ხელახლა მობრუნდეს ხელისუფლებაში. ჩვენ საქმე გვაქვს, აი, ამ ვითარებასთან“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
ამასთან, ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა და აგრესია, რასაც რიგი პოლიტიკური ძალები ამკვიდრებენ, საზოგადოებისთვის მიუღებელია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ იქცა მართვადი აგრესია ბრძოლის მეთოდად პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ და რა შედეგებამდე მივყავართ მართვად აგრესიას, როდესაც საზოგადოებაში ხდება კონკრეტული ჯგუფების სასურველი განწყობა-დამოკიდებულების შექმნა კონკრეტული ადამიანის მიმართ, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ეს საგანგაშო პროცესია.
როგორც ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკა ბუშტშია მოქცეული და მოწყვეტილია ყველაფერს.
„მაშინ, როდესაც საქართველოში გვაქვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში ხდება ამხელა ტექტონიკური ძვრები, ან მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ან სრული გადალაგება მოხდება და ახალი მსოფლიო წესრიგი დალაგდება, ჩვენი პოლიტიკა თითქოს ბუშტშია მოქცეული და მოწყვეტილია ყველაფერს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის საზოგადოებად ყალიბდება ქართული საზოგადოება, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება, თუმცა მიმდინარე პროცესების გულარხეინად ყურება არ შეიძლება.
„ჩვენთან არაფერი არ ხდება ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა. უბრალოდ, არ შეიძლება, ამ ყველაფერს, რაც ხდება, გულარხეინად შევხედოთ. არცთუ შორეულ წარსულში ჩვენ ძალიან მძიმე რამ გვაქვს გადატანილი, სამოქალაქო ომი. მაშინ, ვიდრე ტყვია გავარდებოდა და დაპირისპირება, კონფრონტაცია დაიწყებოდა, რამდენიმე თვით ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტყვია გავარდებოდა. რომ გეთქვათ, სროლა დაიწყებაო, გეტყოდნენ, რა სისულელეს ლაპარაკობო. ახლა მე რომ ვამბობ, რომ ამ კონფრონტაციას საზოგადოებაში არ აქვს საფუძველი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიში არ არის. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა ყველას მხრიდან, რომ კონფრონტაციის პროცესი არ მივიდეს ისეთ ზღვართან, რომლის მერეც შეუქცევადი, უმართავი პროცესი იწყება“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.