Instagram-ი აგრძელებს Snapchat-ის მახასიათებელთა მიბაძვის ტენდენციას — ამჯერად საქმე ეხება ე. წ. Nametag-ების გამოჩენას, რაც Snapchat-ის QR კოდების მსგავსი იქნება და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სპეციალური ფოტოების დასკანირების გზით, სხვა მომხმარებელთა მიმდევარნი გახდნენ.
გამოცემა TechCrunch-ი მის მიერ მოპოვებულ სქრინშოტს ავრცელებს და იუწყება, რომ ახალ მახასიათებელს Instagram-ი აქტიურად ტესტავს. იქვე ჩანს ხელსაწყოები, რომლებითაც მოხდება პერსონალური Nametag-ების მორგება სხვადასხვა ფერის ფონით, ემოჯით, ანდაც Instagram-ის დამატებითი რეალობის ფილტრებში გატარებული სელფით.
Nametag-ები გააადვილებს სხვა მომხმარებელთა გამოწერას, რადგან მომხმარებლებს აღარ მოუწევთ კლავიატურაზე აკრეფა და ძებნა. გარდა ამისა, Nametag-ების გამოყენება შეეძლებათ ცნობილ ადამიანებს, ბიზნესს, სოციალური მედიის ანგარიშებს ან ნებისმირ ვიზუალურ პროდუქტს, რომლის დასკანირებაც მობილურის კამერით იქნება შესაძლებელი.
Instagram-ის მიერ Nametag-ების დანერგვა კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ განაგრძობს ეს პლატფორმა Snapchat-ის მახასიათებელთა კოპირებას, რისი კიდევ ერთი შემთხვევაა Instagram Stories-ს გამოჩენა 2016 წლის აგვისტოში.
ფუნქცია ჯერ ტესტირების რეჟიმშია და სავარაუდოდ, მალე გლობალურად ჩაეშვება.