რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს „მეტას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სთხოვს
რუსეთის გენერალური პროკურატურა სასამართლოს „მეტას“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სთხოვს

რუსეთში აცხადებენ, რომ „მეტას“ პლატფორმებს სრულად გათიშავენ, თუკი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამისა“ და „ვოტსაპის“ მფლობელმა კომპანიამ მომხმარებლებს რუსების წინააღმდეგ ძალადობისა და პრეზიდენტ პუტინის სიკვდილის მოწოდებების უფლება მართლაც მისცა.

Reuters-ის ცნობით, მეტამ მომხმარებლებს პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებების შესახებ პოსტების განთავსების უფლება დროებით მისცა.

მეტას პრესსპიკერი ადასტურებს, რომ კომპანიამ დროებით შეამსუბუქა წესები პოლიტიკური პოსტების შესახებ, მომხმარებლებს უფლება მისცა, რომ მაგალითად, დაწერონ ისეთი პოსტები, როგორიც არის „სიკვდილი რუს დამპყრობლებს“; თუმცა, იქვე აცხადებს, რომ წესები არ შემსუბუქებულა რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ძალადობის შემცველი პოსტებისთვის.

„არ გვინდა დავიჯეროთ, უბრალოდ ძნელი დასაჯერებელია. ვიმედოვნებთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ მართლაც ასეა, მოგვიწევს გადამჭრელი ზომების მიღება ამ კომპანიის საქმიანობის შესაჩერებლად“, — განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

მეტას განცხადებით, პოლიტიკური გამოხატვის ფორმების ეს დროებითი ცვლილება, ნორმალურ ვითარებაში მის წესებს ეწინააღმდეგება. სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით, ამის მიზეზია მეტას პასუხი უკრაინაში მიმდინარე ომზე.

გარდა ამისა, Reuters-ი რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთის გენერალურმა პორკურატურამ სასამართლოს მეტას ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.

გენერალური პროკურატურა ასევე მიმართავს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ სააგენტო „როსკომანდზორს“, რომ დაბლოკოს მეტას კიდევ ერთი პლატფორმა, „ინსტაგრამი“.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე დაბლოკა „ფეისბუქი“ და „ტვიტერიც“. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.