რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ვიკიპედიის დაბლოკვას აპირებს
რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ვიკიპედიის დაბლოკვას აპირებს

რუსეთში ვიკიპედიასაც ბლოკავენ. ამის შესახებ რუსული ვიკიპედია „ტვიტერზე“ წერს.

„როსკომანდზორმა გამოგვიგზავნა გენერალური პროკურატურიდან შესული შეტყობინება, რომელშიც იმუქრება, რომ დაბლოკავს ვიკიპედიას სტატიისთვის „რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)“, — წერს რუსული ვიკიპედია „ტვიტერზე“.

თუ მოქმედება სისრულეში მოვიდა, რუსეთში ვიკიპედიის ყველა განყოფილება ავტომატურად დაიბლოკება, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია, მხოლოდ რომელიმე ერთი ვიკიპედიის დაბლოკვა.

რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება ვიკიპედიის მფლობელი, ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation-ი.

„Wikimedia Foundation-ი მხარს უჭერს მოხალისეთა გლობალურ მოძრაობას და საზოგადოებებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მოხალისეთა გვერდით უკრაინაში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, რომლებსაც კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა სურთ“, — წერს ვიკიპედიის მფლობელი და მმართველი ორგანიზაცია.

Wikimedia Foundation-ის განცხადებით, უკრაინაში უგუნურ შეჭრას მოჰყვა მრავალი სიცოცხლის დაკარგვა, რასაც თან ახლავს ონლაინ საინფორმაციო ომი.

„მიმდინარე კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც ფაქტებს ეფუძნებიან სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მისაღებად და ხელს უშლის ყველას უფლებას, ხელი მიუწვდებოდეთ თავისუფალ ცოდნაზე. უკრაინელი მოხალისეები გმირულად განაგრძობენ კონტენტის დამატებას, ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირებას, რათა ყველგან უზრუნველყონ ადამიანები, რომ წვდომა ჰქონდეთ ნეიტრალურ, სანდო ინფორმაციაზე კრიზისის დროს; ამავე დროს, წარმოაჩენენ ჩვენს საერთო რწმენას ცოდნის, როგორც ადამიანის უფლების შესახებ“, — წერს Wikimedia Foundation-ი.

ვიკიპედია ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ავტორიტარულ სახელმწიფოშია დაბლოკილი.