„ლინუქსის“ შემქმნელის აზრით, „ფეისბუკი“, „ტვიტერი“ და „ინსტაგრამი“ დაავადებაა
„ლინუქსის“ შემქმნელის აზრით, „ფეისბუკი“, „ტვიტერი“ და „ინსტაგრამი“ დაავადებაა

ოპერაციული სიტემა „ლინუქსის“ შემქმნელის, ლინუს ტორვალდსის განცხადებით, ინტერნეტთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი რამის გამოსწორების შანსი რომ ჰქონდეს, ეს თანამედროვე სოციალური მედია იქნებოდა. ამ დროს კი ბედის ირონიაა, რომ სწორედ მის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს სოციალური ვების უდიდესი ნაწილი.

„სასტიკად მძულს თანამედროვე სოციალური მედია — ტვიტერი, ფეისბუკი, ინსტაგრამი. ეს დაავადებაა, ახალისებს ცუდ ჩვევებს“, — უთხრა ტორვალდსმა ინტერვიუში „ლინუქს ჯურნალს“.

ტორვალდსი განსაკუთრებულ პრობლემას ხედავს სოციალური მედიის მიზანში, რომ ჰქონდეს ადამიანთა რაც შეიძლება მეტი ჩართულობა.

„’მოწონებისა’ და ’გაზიარების’ მოდელი უბრალოდ ნაგავია. არ არსებობს ძალისხმევა და ხარისხის კონტროლი. სინამდვილეში, ყველაფერი გამიზნულია ხარისხის კონტროლის შესამცირებლად, მოიზიდოს რაც შეიძლება დიდი აუდიტორია რეკლამებისათვის, კლიკებისთვის, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაჩნდეს ემოციური რეაქციები, რაც ხშირად მორალურ აღშფოთებაში გამოიხატება“, — განაცხადა ტორვალდსმა.

მისი თქმით, თანამედროვე სოციალური მედიის საბოლოო შედეგი არის მომხმარებელთა მხრიდან ერთმანეთზე პერსონალური თავდასხმები და ამაზრზენი ქცევები, რასაც პირისპირ არასოდეს იზამდნენ.